აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-4 ტური ქართველი დელეგაციისთვის წარმატებული გამოდგა. როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა ნაკრებებმა მოგებები მიითვალეს და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესეს.
მამაკაცთა ტურნირში ქართველებმა ბულგარეთის საკმაოდ ძლიერ გუნდს 3:1 სძლიეს. აღსანიშნავია ბაადურ ჯობავას (2665) გამარჯვება საქვეყნოდ ცნობილ ვესელინ ტოპალოვთან (2768). მიხეილ მჭედლიშვილმა (2609) შავი ფიგურებით მომჩილ ნიკოლოვს (2585) სძლია, ლევან ფანცულაიამ (2601) და თორნიკე სანიკიძემ კი ყაიმები გააფორმეს, შესაბამისად, ვალენტინ იოტოვთან (2518) და კრასიმირ რუსევთან (2548).
საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, რომელიც ოლიმპიადაზე მე-20 ნომრადაა განთესილი, 7 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-12 ადგილზე გადაინაცვლა. ქართველთა მომავალი მეტოქე ესპანეთი იქნება, რომლის აქტივშიც ასევე 7 ქულაა. ისიც ვთქვათ, რომ 4 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით (8) ჩინეთი, აზერბაიჯანის პირველი ნაკრები, ჰოლანდია, ინდოეთი, ბელარუსი და უკრაინა ლიდერობენ.
ქალთა ტურნირში საქართველოს ნაკრებმა ეგვიპტე 4:0 გაანადგურა. პარტიები მოიგეს ნანა ძაგნიძემ (2522), ლელა ჯავახიაშვილმა (2486), ბელა ხოტენაშვილმა (2463) და ნინო ბაციაშვილმა. ქართველი მოჭადრაკეების აქტივში 6 ქულაა და დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, მათ 21-ე პოზიცია უკავიათ. 8-8 ქულით ოლიმპიადის სათავეში უკრაინა, სერბეთი, რუსეთი და ყაზახეთი იმყოფებიან. მე-5 ტურში საქართველოს ნაკრები პერუს გაეჯიბრება.