საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა “სამტრედიამ” გამოცდილი მცველი დავით იმედაშვილი დაიმატა. ამის შესახებ იმერული გუნდის ფეისბუქგვერდი იტყობინება. 31 წლის ფეხბურთელი “სამტრედიაში” მიმდინარე სეზონს გაატარებს. იმედაშვილი ბოლოს მშობლიურ “რუსთავში” თამაშობდა, რომლის რიგებშიც შარშან 22 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო.
თავის დროზე დავითზე საკმაო იმედი მყარდებოდა 2006 წელს თბილისის “ვიტ ჯორჯიადან” კიევის “დინამოშიც” მოხვდა, თუმცა მისი უკრაინული კარიერა ვერ განვითარდა. კიეველთა გარდა, უცხოეთში მას აზერბაიჯანული “ხაზარის”, ლატვიური “ვენტსპილსისა” და ასევე უნგრული “ნაირეგიჰაზას” ღირსება დაუცავს.
იმედაშვილს თავის დროზე საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია ერთხელ – 2006 წელს კიევში, უკრაინის წინააღმდეგ (2:3) კლაუს ტოპმიოლერმა მას თავის გამოჩენის შანსი მისცა.