ფეხბურთი

12:47 | 5.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხიზანიშვილი: "ნაკრებში თამაშის დროს განსაკუთრებული განცდა მეუფლებოდა"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ ზურაბ ხიზანიშვილს დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდიდან გააცილებენ. მანამდე კი, 35 წლის მცველმა თავის ფეისბუქ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც იგი მადლობა უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წლების განმავლობაში გვერდში ედგა.

"16 წელი იმ საქმეს ვემსახურე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და რომელშიც ყველაფერი ჩავდე. ამ პერიოდში არაერთ სახელოვან გუნდში მომიწია თამაში, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საპატივცემულო საქართველოს ნაკრებში თამაში იყო. 93-ჯერ მოვირგე ეროვნული მაისური და ყოველთვის განსაკუთრებული განცდა მეუფლებოდა. იყო წარმატებებიც და წარუმატებლობაც, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო და საამაყოა, როდესაც შენ ქვეყანას წარმოადგენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს მეგობარს, თანაგუნდელს, რომლებთან ერთადაც მომიწია მრავალი წლის გატარება და გამარჯვებისთვის ბრძოლა, მაგრამ ყველაზე დიდი და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელთა თანადგომას და სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი და ეს მაძლიერებდა. დღეიდან უკვე მეც გულშემატკივრის რიგში გადავინაცვლებ და იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად გავხდებით მოწმე ქართული ფეხბურთის იმ დიდი წარმატებისა და გამარჯვებისა, რომელსაც ყველა ასე ველოდებით!", - დაწერა სოაციალურ ქსელში ხიანიშვილმა.

ზურაბ ხიზანიშვილს ნაკრებში დებიუტი 1999 წლის 5 ივნისს, საბერძნეთის ნაკრებთან (1:2) თბილისში ჰქონდა, ხოლო ბოლოჯერ "ჯვაროსანთა" მაისური 2015 წლის 11 ოქტომბერს გერმანიასთან (1:2) შეხვედრაში მოირგო. ხსენებული დროის განმავლობაში "ხიზანამ" საქართველოს ნაკრებში 93 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში ერთხელ შეძლო გოლის გატანა - 2009 წლის 6 ივნისს, "მიხეილ მესხზე" მოლდოვას გაუტანა სპარინგში.

რაც შეეხება ზურაბ ხიზანიშვილის საკლუბო კარიერას, საქართველოში მას თბილისის "დინამოს", ლოკომოტივისა" და "სამტრედიას" რიგებში უთამაშია, ხოლო უცხოეთში "დანდის", "გლაზგო რეინჯერსის", "ბლექბერნ როვერსის", "ნიუკასლ იუნაიტედის", "რედინგის", "ქაისერისფორის" ღირსება დაუცავს. ამჟამად კი, ბაქოს "ინტერში" ირჯება.

0.11418