მონცაზე ძალიან იშვიათად ხდება, რომ პოულიდან სტარტის ამღები, რბოლას ვერ იგებს. დღეს სწორედ ასეთი გამონაკლისი მოხდა. ლუის ჰამილტონმა ვერ გამოიყენა ხელსაყრელი მდგომარეობა და გამარჯვება თავის თანაგუნდელ და უმთავრეს კონკურენტს, ნიკო როსბერგს ჩააბარა. თავად კი მეორე ადგილს დასჯერდა და ახლა, როცა ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი რბოლა რჩება, გერმანელს ორ ქულასღა უგებს.
სტარტის გარდა, რბოლა ბევრი არაფრით იყო საინტერესო. მწვანე შუქზე ჰამილტონს რეაგირება კი დროული ჰქონდა, მაგრამ მეტოქეები უფრო სწრაფად დაიძრნენ და მას პირველ მოსახვევამდე ერთბაშად ხუთმა პილოტმა ჩაუარა. პირველ მოსახვევში პირველი როსბერგი შევიდა, ვისაც სებასტიან ფეტელმა კი შეუტია, თუმცა უშედეგოდ და ამის შემდეგ, როსბერგის გამარჯვებაში ეჭვის შეტანაც აღარ ღირდა...
ჰამილტონმა მხოლოდ ერთხელ შეძლო მოწინავე პოზიციაზე დაბრუნება, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა მისი თანაგუნდელი ბოქსში პიტ სტოპზე შევიდა. „ფერარის“ პილოტებს კი პოზიციური ბრძოლით მოუგო, რაშიც ერთსტოპიანი ტაქტიკა დაეხმარა. მის მსგავსად, მხოლოდ ერთი პიტ სტოპი შეასრულა როსბერგმა, სებასტიან ფეტელს და კიმი რაიკონენს კი ორ-ორი სტოპი ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ უფრო საღი საბურავებით, მეტოქეებზე მეტი დრო გაატარეს ტრასაზე, მაგრამ ამის მიუხედავად, მესამეზე გასული ფეტელი გამრჯვებულს მაინც 20 წამით ჩამორჩა. ფეტელს პირველი სტოპი გაუჭიანურდა, თუმცა ამაზე მხოლოდ ორი-სამი წამი თუ დაკარგა.
„არ ვიცი, სტარტზე რა მოხდა. ყველაფერი ნორმალურად გავაკეთე“, - ნარბოლევს განაცხადა ჰამილტონმა. თუმცა „მერსედესის“ შეფ ტოტო ვოლფის თქმით, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ადგილზე ბორბლები მოუსრიალდა, რამაც მისი შეყოვნება გამოიწვია.
საინტერესოა, რომ რბოლის უსწრაფესი დრო ფერნანდო ალონსომ დააფიქსირა, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ „მაკლარენი“ თანდათან აუმჯობესებს თავის სარბოლო ტექნიკას. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ეს ფინიშამდე სამი წრით ადრე მოახერხა, მანამდე ერთი წრით ადრე კი სუპერ რბილი საბურავები დააყენა. სხვათა შორის, როცა მან ბოქსებს მიაშურა, „სკაი სპორტსის“ კომენტატორებმა იხუმრეს, ალონსო უსწრაფესი წრის ჩვენებას აპირებსო. და... დიდხანს ლოდინი არც დასჭირვებიათ.
იტალიის დიდი პრიზი
მონცა, დისტანცია 306.72 კმ (53 წრე, 5.793 კმ)
- ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:17:28.089
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) +00:15.070
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 00:20.990
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:27.561
- დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:45.295
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 00:51.015
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 00:54.236
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 01:04.954
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 01:05.617
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 01:18.656
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
- ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
- ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1 წრე
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
- კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1 წრე
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, მენორი) 2 წრე
გ. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 17 წრე
გ. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 27 წრე
გ. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 46 წრე
გ. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 47 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ფერნანდო ალონსო - 1:25.340, 51-ე წრე
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 250 ქულა; 2. ნიკო როსბერგი - 248; 3. დანიელ რიკიარდო - 161; 4. სებასტიან ფეტელი - 143; 5. კიმი რაიკონენი - 136; 6. მაქს ფერსტაპენი - 121; 7. ვალტერი ბოტასი - 70; 8. სერხიო პერესი - 62; 9. ნიკო ჰულკენბერგი - 46; 10. ფელიპე მასა - 41; 11. ფერნანდო ალონსო - 30; 12. კარლოს საინსი - 30; 13. რომენ გროჟანი - 28; 14. დანილ კვიატი - 23; 15. ჯენსონ ბატონი - 17; 16. კევინ მაგნუსენი - 6; 17. პასკალ ვერლაინი - 1; 18. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) - 1; 19. ესტებან გუტიერესი - 0; 20. ჯოლიონ პალმერი - 0; 21. მარკუს ერიკსონი - 0; 22. ფელიპე ნასრი - 0; 23. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) - 0; 24. ესტებან ოკონი - 0
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 498 ქულა; 2. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 290; 3. ფერარი - 279; 4. უილიამს-მერსედესი - 111; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 108; 6. მაკლარენ-ჰონდა - 48; 7. ტორო როსო-ფერარი - 45; 8. ჰაას-ფერარი - 28; 9. რენო - 6; 10. მენორ-მერსედესი - 1; 11. ზაუბერ-ფერარი - 0







