საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ სანიკიძე მომავალ სეზონში სალონიკის “არისის” ღირსებას დაიცავს. ამ ინფორმაციას Eurohoops.net ბერძნული კლუბის მთავარი მწვრთნელის დიმიტრის პრიფტისის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“არისმა” სწორედ ამ დღეებში ბულგარულ პრავეცში პირველი შეკრება დაასრულა და პრიფტისიც ჟურნალისტებს იქ გაესაუბრა. “რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სანიკიძესთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, სხვა დეტალებზე კი ვერაფერს გეტყვით”, - აღნიშნა მწვრთნელმა.
როგორც ირკვევა, ქართველი ფორვარდი სალონიკელებს 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ შეურთდება და თამაში საბერძნეთის ჩემპიონატსა და ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში მოუწევს.
ცნობისთვის, “არისი” ევროტურნირის A ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად თურქული “ბანვითი”, გერმანული “სკაილაინერსი“, ჩეხური “ნიმბურკი”, სლოვენიური “ჰელიოსი”, ფრანგული “მონაკო” და ორიც საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული გუნდი ეყოლება.