ფორმულა 1-ის პრომოუტერი ბერნი ეკლსტოუნი ამბობს, რომ მონცაზე იტალიის დიდი პრიზის ჩატარების თაობაზე, ახალი სამწლიანი კონტრაქტი მზადაა, თუმცამ ის ჯერ ხელმოუწერელია.
„ახალი სამწლიანი კონტრაქტი მზადაა, თუმცა იმედი მაქვს, რომ მონცაზე ფ1 კიდევ 100 წლით დარჩება“, - ამბობს 85 წლის ბრიტანელი და დასძენს: „სამწუხაროდ, აქ მას ხელს ვერ მოვაწერთ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ, რაც ჩვენი იურისტების დამსახურებაა. ამჟამად მცირე დეტალების შეთანხმებაღა დაგვრჩა“.
ეკლსტოუნმა ეს განცხადება სპეციალურ პრეს კონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც საერთაშრისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი ჟან ტოდტი, იტალიის საავტომობილო კლუბის შეფი ანჯელო სტიკი დამიანი (ფოტოზე ბერნისთან ერთად) და ფლავიო ბრიატორე ესწრებოდნენ.
სტიკი დამიანიმ როიტერსთან საუბრისას განაცხადა, რომ ის მზად იყო ახალ კონტრაქტზე ხელის მოსაწერად, მაგრამ ბოლო მომენტში, ეკლსტოუნთან შეხვედრის შემდეგ, გეგმები ოდნავ შეიცვალა. თუმცა, მისივე თქმით, ყველაფერი რიგზეა და კონტრაქტი მოგვიანებით, ლონდონში გაფორმდება.
კითხვაზე, რატომ არის ახალი კონტრაქტი მხოლოდ სამწლიანი, ეკლსტოუნმა უპასუხა, რომ ეს იტალიური მხარის სურვილით მოხდა: „როცა კონტრაქტს აფორმებ, ის ორივე მხარეს უნდა აკმაყოფილებდეს. სამყარო ისე სწრაფად იცვლება, არავინ იცის, რა მოხდება სამ წელიწადში“, - პასუხში მცირე უკმაყოფილება ეტყობოდა ეკლსტოუნს.
1950 წლიდან მოყოლებული, რაც ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, მონცა იტალიის დიდ პრიზს ერთის გარდა, ყოველ სეზონში მასპინძლობდა. ეს ტრასა იტალიის მოტორსპორტის ტაძრად არის აღიარებული. ეს არის ჩემპიონატის ყველაზე სწრაფი ტრასა. ფანების უმეტესობისთვის, მონცას გარეშე ფორმულა 1 წარმოუდგენელია.







