ფეხბურთი

12:30 | 4.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარსელ კოლერი: "დაცვასა და შეტევაში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, სხვა შემთხვევაში მეტოქე გვაჯობებს"

საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა მატჩამდე ერთი დღით ადრე, სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა მარსელ კოლერმა მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. 55 წლის სპეციალისტის განცხადებით, საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია და მასთან მოსაგებად ავსტრიას კონცენტრაციით თამაში მართებს.

კოლერის თქმით, მისი ნაკრების მთავარი და ერთადერთი მიზანი 2018 წელს, რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია. თუმცა, ხვალ მძიმე თამაშს ელოდება. შვეიცარიელ მწვრთნელს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი თუ რომელი ფეხბურთელებით დაიწყებს ავსტრიის ნაკრები თამაშს. როგორც მან დასძინა, ყველა პოზიციაზე ორ-ორი თანაბარი დონის მოთამაშე ჰყავს.

საკვალიფიკაციო ეტაპის შესახებ - ერთი კვირაა, რაც ჩვენი შეკრება დაიწყო. მე დავინახე, რაოდენ სიხარულით და მონდომებით მიუდგნენ ფეხბურთელები შეკრებას და მჯერა, რომ იმ გზას გავაგრძელებთ, რომელზეც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვიდექით. ჩვენი მიზანი ცალსახად რუსეთში თამაშია და რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს, გავიმარჯვებთ თუ არა, ახლა ვერ გეტყვით, ამას უშუალოდ შეხვედრა გამოაჩენს. ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის უკვე წარსულია და მხოლოდ მომავალზე ვფიქრობთ - წინ ვიყურებით.

საქართველოს ნაკრებზე - მე რა თქმა უნდა, არ მაქვს ინფორმაცია თუ რა შემადგენლობით ითამაშებს ხვალ მეტოქე. გამოყოფით კი, საქართველოს ნაკრებიდან ორ-სამ ფეხბურთელს გამოვყოფდი - პირველ რიგში თორნიკე ოქრიაშვილსა და ვაკო ყაზაიშვილს.

შემადგენლობა - ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა პოზიციაზე ორ-ორი ფეხბურთელი გვყავდეს. ასე რომ, განსაკუთრებულად დიდი არჩევანი არ მაქვს. რაც შეეხება შემადგენლობას, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, ხვალ ყველაფერი გამოჩნდება.

ქვილითაიას კომენტარზე - მე ვერ გეტყვით ვინ არის ფავორიტი, რადგან ამას დიდი მნიშვნელობა ჩემი აზრით არ აქვს. ჩვენი მიზანი ყოველთვის მოედანზე მოსაგებად გასვლაა და ამასთან ჩვენი მიზანია, მეტოქის სათამაშო ტაქტიკას მოვერგოთ.

საქართველოს ნაკრებზე - მათ ფეხბურთის თამაში კარგად შეუძლიათ. მითუმეტეს საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ და შეეცდებიან 3 ქულა მოიპოვონ. მათ წინა შესარჩევ ციკლში რამდენიმე კარგი მატჩიც ჩაატარეს. ესპანეთთან შეხვედრაში კი კარგად გამოჩნდა დაცვაში მათი შესაძლებლობები. ჩვენ მეტოქის თამაშს ანალიზი გავუკეთეთ მოსაგებად კონცენტრირება, დაცვასა და შეტევაში მაქსიმალურად დახარჯვა მოგვიწევს.

დავიდ ალაბას შესახებ - თუ სად ითამაშებს იგი ხვალ, კონკრეტულად ვერ გეტყვით. ძალიან გვიხარია, რომ ასეთი უნივერსალი ფეხბურთელი გვყავს, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და დარწმუნებული ვარ, ხვალ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეეცდება.

ჩაგდებულ ევროპის ჩემპიონატზე - საკვალიფიკაციო ეტაპთან შედარებით, საფრანგეთში განსხვავებული სიტუაცია იყო და აქამდე ბევრჯერ ვისაუბრე იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ევროპის ჩემპიონატზე კარგად ვერ ვითამაშეთ. ახლა კი, ჩვენთვის ახალი ეტაპი იწყება.

„დინამო“ – „გრასჰოპერსის“ 1977 წლის შეხვედრის შესახებ - მას შემდგომ დიდი ხანი გავიდა და დარწმუნებული ვარ, თბილისიც ძალიან შეიცვალა. მაშინ, რა თქმა უნდა, ვერ ვიფიქრებდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში ჩამოსვლა ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში მომიწევდა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა მატჩი ხვალ, 5 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

0.120322