ავტოსპორტი

0:04 | 4.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბატონიც მიდის

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ჯენსონ ბატონი ფორმულა 1-ში გამოსვლებს შეწყვეტს. „მაკლარენში“ მის ადგილს კი, გუნდის ახლანდელი სარეზერვო პილოტი, სტოფელ ვანდოორნი დაიკავებს. ბატონი გუნდში რჩება და ყოველი შემთხვევსთვის, სარეზერვო პილოტობასთან ერთად, „მაკლარენის“ ელჩის მოვალეობასაც შეასრულებს.

„მაკლარენის“ შეფმა რონ დენისმა განაცხადა, რომ ბატონის წასვლა არ ნიშნავს სპორტიდან მის წასვლას, რადგან მას შეუძლია, 2018 წლის სეზონში დაბრუნდეს, თუ იმ დროისთვის გუნდს ფერნანდო ალონსო დატოვებს. ამგვარად, წერტილი დაესვა ვარიანტს, რომლის მიხედვითაც, ბატონი „უილიამსში“ უნდა გადასულიყო, სადაც ფელიპე მასას ადგილს დაიკავებდა.

„მე საქმეში ვრჩები და უწინდელზე მეტად ვივარჯიშებ. ამასთან, ბევრ ისეთ რამეს გავაკეთებ, რაც ამ 17 წლის განმავლობაში არ გამიკეთებია. ვიცხოვრებ ჩემი რეჟიმით, როცა მინდა გავიღვიძებ, რაც მომინდება, იმას გავაკეთებ. მეტ დროს გავატარებ მეგობრებთან და რაც მთავარია, ჩემს ოჯახთან. ძალიან მიხარია, რომ გუნდთან ამ შეთანხმებას მივაღწიე, რომელიც ორ სეზონზეა ძალაში და მასთან მუშაობის გაგრძელების საშუალებას მაძლევს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს გუნდი მომავალ სეზონში, რაც შეიძლება უკეთესი იყოს“, - განაცხადა ბატონმა.

„ჩვენ გვყოლია სხვა პილოტებიც, ვისაც კარიერაში პაუზა აუღია, მაგრამ არ დაბრუნებულა. მაგრამ მათთან მსგავსი კონტრაქტები არ გაგვიფორმებია. ჯენსონს რბოლებში და ჩემპიონატში გამარჯვების უნარი კვლავაც აქვს. მაგრამ ვიტყოდი, რომ ეს უნარი უფრო მენტალურია, ვიდრე ფიზიკური. რა თქმა უნდა, მას გამარჯვების ჟინი არ აკლია. მას შეუძლია დაისვენოს, ძალები მოიკრიბოს და მომავალი ასე გადაწყვიტოს. ეს კონტრაქტი ორივე მხარისთვის მოსახერხებელია“, - განაცხადა რონ დენისმა.

ბატონი ფორმულა 1-ში 2000 წლიდან გამოდის. მანამდე ორი სეზონი ფორმულა „ფორდსა“ და ბრიტანულ ფორმულა 3-ში გაატარა. ფ1-ში მისი დებიუტი „უილიამსთან“ ერთად შედგა. მერე მცირე (რთული) დრო „ბენეტონ-რენოში“ გაატარა, საიდანაც BAR-ში გადაინაცვლა, რომელსაც მოგვიანებით „ჰონდა“ დაეუფლა და შესაბამისად, სახელიც შეეცვალა. შემდეგ იაპონურმა კომპანიამ ფ1 დატოვა და მის ადგილზე აღმოცენებულ „ბრაუნთან“ ერთად, ბატონმა 2009 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შემდეგ „ბრაუნი“ „მერსედესმა“ შეისყიდა, ბატონმა კი კარიერა „მაკლარენში“ გააგრძელა და კარიერაში მოპოვებულ გამარჯვებათა რაოდენობა 15-მდე გაზარდა.

რაც შეეხება ვანდოორნს, ის ბელგიელია და „მაკლარენის“ ბოლიდით ერთი რბოლა აქვს ჩატარებული - ამ სეზონის დასაწყისში, ბაჰრეინის დიდ პრიზზე, ტრავმირებული ალონსო შეცვალა და გუნდს პირველი ქულა მოუპოვა. მას სხვადასხვა ღიაბორბლიან სერიებში, სამი ტიტული აქვს მოპოვებული: 2010 წელს გახდა ფ4-ის ევროთასის მფლობელი, 2012 წლის ფორმულა „რენოს“ ევროთასის ჩემპიონი, 2015 წლის გრანპრი2-ის (GP2) სერიის ჩემპიონი.

სლონსო კმაყოფილია იმით, რომ ბატონი გუნდში რჩება: „რაც მთავარია, ჯენსონი გუნდში რჩება. ის საუკეთესო თანაგუნდელია, ვინც კი ოდესმე მყოლია. ის არის ძლიერი კონკურენტი და მისგან ბევრსაც ვღებულობ. მანქანის მომზადების პროცესში კი შეუდარებელია. სტოფელი გუნდს ბევრ სიახლეს მოუტანს. მასთან ერთად, მაქსიმუმს ვეცდებით და ამაში ჯენსონიც დაგვეხმარება“.

(ავტორის ფოტო)

0.095078