ბრაზილიის პოლიციამ თანხის გამოძალვისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავა პიროვნება, რომელიც თავს “ბარსელონასა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორვარდ ნეიმარად ასაღებდა.
ბრაზილიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 30 წლის კარლოს ანტონიო როდრიგესი ინტერნეტის მეშვეობით უკავშირებოდა გოგონებს, სადაც ნეიმარის გამოსახულებას იყენებდა და მათგან ინტიმური ხასიათის ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდა, მერე კი მათ თანხის გამოძალვის მიზნით აშანტაჟებდა.
როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა გოგონამ Globo-სთან ანონიმურად განაცხადა, ის დაარწმუნეს, რომ ნეიმარს ესაუბრებოდა და ესპანეთში ერთ-ერთ ღონისძიებაზე მიიწვიეს. ამავდროულად, მოთხოვეს კამერის წინ გაშიშვლებულიყო და ევროპაში სამოდელო საქმიანობის დაწყებაში დახმარებას დაპირდნენ. ამის შემდეგ, თითქოს ესპანეთში გასამგზავრებელი საბუთების დაჩქარებული წესით მომზადებისთვის მას და მის მეგობარ გოგონას 350-350 დოლარი გამოძალეს. მერე კი ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ.
გოგონების საჩივრის საფუძველზე საქმეში ბრაზილიის კიბერ-პოლიცია ჩაერთო და გამომძალველის იდენტიფიცირება შეძლო. დამნაშავეს რა თქმა უნდა არაფერი ჰქონდა საერთო ბრაზილიელ ვარსკვლავთან, ის თანამზრახველთან ერთად ერთ-ერთი ინტერნეტკაფედან უკავშირდებოდა გოგონებს. კარლოს ანტონიო როდრიგესთან ერთად პოლიციამ ინტერნეტკაფეს მეპატრონეც დააკავა, თუმცა ის მოგვიანებით გაათავისუფლეს, ხოლო როდრიგესის თანამზრახველმა მიმალვა მოახერხა და მასზე ძებნაა გამოცხადებული.