ჭადრაკი

0:50 | 3.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა მოჭადრაკეებმა პირველ ტურში დამაჯერებლად იმარჯვეს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა მსოფლიოს რიგით 42-ე საჭადრაკო ოლიმპიადა. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად იმართება, როგორც – ქალთა, ასევე ვაჟთა გუნდებს შორის.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა გუნდი წინასატურნირო რეიტინგ-სიაში მე-4 ნომრადაა განთესილი – ჩინეთის, უკრაინის და რუსეთის ნაკრებთა შემდეგ. სულ ქალთა შორის შეჯიბრში 141 გუნდი იღებს მონაწილეობას.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია. გუნდის მთავარი მწვრთნელი ელიზბარ უბილავა გახლავთ, კაპიტანი კი – დავით ჯოჯუა.

აღსანიშნავია, რომ ქალთა ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით 4-ჯერ (1992, 1994, 1996, 2008) იყო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და 3-ჯერ (1998, 2000, 2010) პრიზიორი.

ვაჟთა ტურნიში 180 გუნდი იასპარეზებს. ფავორიტთა ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (გუნდის მონაწილეთა საშუალო რეიტინგი – 2760), აშშ (2747), ჩინეთი (2736), აზერბაიჯანი (2707), უკრაინა (2693). ჩვენი ვაჟები სატურნირო რეიტინგ-სიით მე-20 საფეხურზე იმყოფებიან.

საქართველოს ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა: ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, თორნიკე სანიკიძე. გუნდის მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი ზურაბ სტურუაა.

ოლიმპიადის პირველ ტურში ქალთა ნაკრებმა სმენადაქვეითებულთა საჭადრაკო ნაკრებს 4:0 სძლია, მე-2 ტურში კი ფილიპინებს გაეჯიბრება.

იოლად იმარჯვეს ვაჟებმაც, მათ მიანმარს 3.5:0.5 მოუგეს, დღეს კი ძალებს ირანელებთან მოსინჯავენ. ისიც სათქმელია, რომ ორივე ნაკრებმა სასტარტო ტურში თავიანთი ლიდერების: ნანა ძაგნიძის და ბაადურ ჯობავას გარეშე იასპარეზა.

0.13856