„უილიამსის“ ბრაზილიელმა პილოტმა ფელიპე მასამ დღეს გამოაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ფორმულა 1-ში თავის კარიერას აღარ გააგრძელებს. მასა ახლა 35 წლისაა და „უილიამსში“ მესამე სეზონს ატარებს. აბუ დაბის ეტაპი მის კარიერაში 250-ე იქნება. ფ1-ში მე-14 სეზონს ატარებს და ამ დროის განმავლობაში, რამდენიმე გუნდი გამოიცვალა. პირველად „ზაუბერში“ გამოჩნდა 2002 წელს, შემდეგ რამდენიმე სეზონი „ფერარიში“ გაატარა, ბოლოს კი „უილიამსში“ გადავიდა.
2008 წლის სეზონში მასას მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა. მაშინ ის „ფერარის“ წევრი იყო. სან პაულუში გამართულ ბოლო ეტაპზე, ფინიშის ხაზი როცა გადაკვეთა, იმ მომენტში მსოფლიო ჩემპიონი იყო. მაგრამ ლუის ჰამილტონმა (მაკლარენი) ფინიშის გადაკვეთამდე, ტიმო გლოკს (ტოიოტა) გაასწრო, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ბრაზილიელი პილოტისთვის ერთი ქულით გადაესწრო...
„დავიწყებ იმით, რომ მადლობას გადავუხდი ჩემს მეუღლეს და მამას, მთელს ჩემს ოჯახს, ჩემს მენეჯერ ნიკოლასს და ყველა ადამიანს, ვინც ჩემი კარიერის განმავლობაში მქომაგობდა. მადლობა ღმერთს, რადგან მომცა ის შესაძლებლობები, რომლებიც ცხოვრებაში მქონდა და რა თქმა უნდა იმისათვის, რომ მიცავდა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად, წლების განმავლობაში მუშაობდა. მადლობა ყველა გუნდს, რომლის წევრიც ვყოფილვარ და რომლებთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებდა. და არამხოლოდ ფორმულა 1-ში. ამ წლებმა ბევრი საუკეთესო მოსაგონარი დამიტოვა. მდლობა ყველას, ყველა გუნდში, ვინც ბევრს შრომობდა იმისათვის, რომ იქ ვყოფილიყავი, სადაც ვარ. ჩემი კარიერა იმაზე უკეთესი გამოდგა, ვიდრე ველოდი და მე ძალიან ვამაყობ ჩემი მიღწევებით. და ბოლოს, ჩემთვის დიდი პატივი კარიერის დასრულება ისეთ შესანიშნავ გუნდში, როგორიც არის „უილიამს მარტინი რეისინგი“. ძალიან ემოციური იქნება ის დღე, როცა ჩემს კარიერას, 250-ე რბოლის შემდეგ, აბუ დაბიში დავასრულებ“, - განცხადა მასამ.
„უილიამსში“ გადასვლიდან პირველ სეზონში, მასამ სამი რბოლის შემდეგ კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო, ერთხელ რბოლა პოულიდან დაიწყო და სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა, რითაც თავის გუნდს კონსტრუქტორთა თასზე მესამე ადგილის მოპოვებაში დაეხმარა. მიმდინარე სეზონში მას მე-10 ადგილი უკავია და 6 ქულით ჩამორჩება „ფორს ინდიას“ ნიკო ჰულკენბერგს და 9 ქულას უგებს „მაკლარენის“ ფერნანდო ალონსოს.
სპეციალურ პრეს კონფერენციაზე, „უილიამსის“ ხელმძღვანელის როლის შემსრულებელმა, კლერ უილიამსმა განაცხადა, რომ მისთვის სასიამოვნო იყო ფელიპესთან ერთად მუშაობა და მას გული სწყდება, რომ ის მიდის.
„ფელიპე ჩვენთან იმ დროს მოვიდა, როცა გუნდი იცვლებოდა. მან თავისი გამოცდილება, ნიჭი და ენთუზიაზმი შეგვმატა, რითაც გუნდის გარდაქმნაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ყველამ, ვინც ფელიპეს იცნობს იცის, რაოდენ თბილი ადამიანია. მან ჩვენს სპორტში თავისი კვალი დატოვა და ვფიქრობ, ყველა გუნდს, რომლებთანაც უმუშავია, მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს. ვიცი, რომ ეს მისთვის იოლი გადაწყვეტილება არ იყო. მაგრამ პატივს ვცემთ ამ ნაბიჯს. მინდა, გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რომელიც ამ სამ სეზონში გასწია. და გვინდა, საუკეთესო იღბალი ვუსურვოთ ყველა საქმეში, რასაც ამიერიდან ხელს მოჰკიდებს. ის ყოველთვის იქნება „უილიამსის“ ოჯახის წევრი“, - განცხადა კლერ უილიამსმა.
ამგვარად, „უილიამსს“ მომავალი სეზონისთვის კონტრაქტი მხოლოდ ვალტერი ბოტასთან აკავშირებს. მასას ადგილი ჯერჯერობით ვაკანტურია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მას ჯენსონ ბატონი დაიკავებს.







