თბილისის „დინამოს“ ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს ლევან გაბრიჩიძის სახით. იგი კლუბმა მედიის წინაშე წარადგინა. გაბრიჩიძის თქმით, კლუბი ძირითად აქცენტს ახალგაზრდებსა და აკადემიაზე გადაიტანს.
ლევან გაბრიჩიძე: „ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა, ერთი კვირის წინ მივიღე შემოთავაზება. რაც შეეხება ჩვენს აქცენტს, იგი ძირითადად აკადემიაზე გაკეთდება. სასელექციო მუშაობა აუცილებელია, ამის გარეშე არაფერი გამოგვივა.
მე ძალიან დიდი ხანია ვცხოვრობ ვენაში. ვარ დამფუძნებელი სპორტული საფეხბურთო სააგენტოსი, რომელიც სპორტული კონსულტაციისა და სკაუტინგის კუთხით მუშაობს. ძალიან ბევრი სერიოზული ფეხბურთელი იქნა კარგ გუნდებში გადაყვანილი. კერძოდ, ჰოლანდიაში, სერია ა-ში, ბელგიაში. თუ საჭირო გახდება ამ ყველაფერს აქაც გამოვიყენებთ.
შეგნებულად არ მინდა ვადებზე ვისაუბრო. დღეს ჩემთვის პირველი სამუშაოა დღეა „დინამოში“. ჩვენი ძირითადი აქცენტები გაკეთდება, კიდევ ვიმეორებ, აკადემიაზე და ახალგაზრდა ფეხბურთელებზე. ესაა ის რესურსი, რომელსაც უნდა დაეყრდნოს „დინამო“ მომავალში“, - განაცხადა გაბრიჩიძემ.