ქართველი ჩოგბურთელის სანდრო მეტრეველის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა განუცხადა. მისი თქმით, სანდრო მეტრეველის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“სანდროს მოტეხილობები აქვს. მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, - განაცხადა ალექსანდრე მეტრეველმა.
30 აგვისტოს, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად, 3 ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა. დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი მარკის ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა.
სამივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანა. ავტომობილს საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების ყოფილი წევრი სანდრო მეტრეველი მართავდა.