კალათბურთი

17:43 | 1.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლა ვუჩევიჩი: “თბილისში ყველაზე მძიმე გამოცდა გველის”
ივან რუდეჟი: “32-ქულიანი მარცხი მძიმეა, თუმცა, საქართველოს თავდაჯერებულნი უნდა დავხვდეთ”

2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი ტურის მატჩები შედგა და F ჯგუფის ფავორიტებმა იოლი გამარჯვებები იზეიმეს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთი 86:47 გაანადგურა, ჩერნოგორიამ კი სლოვაკეთს არ დაუტოვა შანსი – 97:65.

ქართველ კალათბურთელებს მომდევნო შეხვედრები სწორედ სლოვაკეთთან და ჩერნოგორიასთან ელით. ილიას ზუროსის შეგირდები ავსტრიის გავლით, უკვე ჩავიდნენ ბრატისლავაში და 3 სექტემბერს სლოვაკეთს გაეჯიბრებიან, 7-ში კი, თბილისში, ჩერნოგორიასთან უმნიშვნელოვანესი ჯახია.

ცხადია, საინტერესოა რა შეფასებები მოჰყვა საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეების დაპირისპირებას. პოდგორიცას “მორაცა სპორტს სენთერში” გამართული შეხვედრა მასპინძელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა, ამდენად, ცხადია, რომ ჩერნოგორიელთა ბანაკში გაცილებით უკეთესი ატმოსფერო სუფევდა.

“დამაჯერებელი გამარჯვება ვიზეიმეთ და ეს, იმ დიდი სამუშაოს შედეგია, რომელიც საკვალიფიკაციო ტურნირის დაწყებამდე გავწიეთ. მჯერა, მომდევნო ხუთ შეხვედრაშიც ასევე კარგად ვითამაშებთ. მიხარია, რომ დარბაზსა და კალათბურთელებს შორის სრული ჰარმონია იყო. ქომაგებმა ბიჭებს დიდი დახმარება აღმოუჩინეს. ეს ის ხალხია, რომელთაც კალათბურთი ჩინებულად ესმით. ჩვენ მკაფიო მიზანი გვაქვს – ჩერნოგორიამ ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად უნდა ითამაშოს”, - აღნიშნა ჩერნოგორიის მთავარმა მწვრთნელმა ბოგდან ტანიევიჩმა.

კარგ ხასიათზე გახლდათ მასპინძელთა ერთ-ერთი ლიდერი, “ორლანდო მეჯიქის” 27 წლის ცენტრი ნიკოლა ვუჩევიჩიც, რომელმაც 19:33 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა: “მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც დარბაზში მრავლად მოვიდნენ. პირველიდან ბოლო წუთამდე დამაჯერებლად ვითამაშეთ და დიდი სხვაობაც დავაფიქსირეთ. კარგია, რომ გამარჯვებაში ყველა კალათბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა. ახლა, ასევე უნდა გავნაგრძოთ. ჯერ ალბანეთთან გასვლითი მატჩია, შემდეგ კი თბილისში ჩავდივართ და საქართველოსთან ამ შესარჩევი ციკლის ყველაზე რთული გამოცდა გველის”.

აქვე 24 წლის ბოიან დუბლევიჩის კომენტარიც. ესპანური “ვალენსიას” მძიმე ფორვარდმა მოედანზე 20:26 წუთი დაჰყო და 12 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა: “ვფიქრობ, სლოვაკეთთან მატჩის ბედი ეჭვქვეშ 1 წუთითაც არ დამდგარა. შესარჩევი რაუნდისთვის კარგი წვრთნა გავიარეთ და ვფიქრობ, ყველაფრისთვის მზად ვართ. მომდევნო თამაშებიც ისეთივე კონცენტრაციით უნდა ჩავატაროთ, როგორც დღეს იყო”.

შეხვედრა შეაფასა სლოვაკეთის ნაკრების თავკაცმა ივან რუდეჟმაც, რომლის გუნდმაც მოსამზადებელ ციკლში რამდენიმე გამარჯვება იზეიმა, ოფიციალურ შეხვედრაში ძლიერ მეტოქესთან საბრძოლველად მზად არ აღმოჩნდა.

“მატჩის დასაწყისში თავს აგრესიულად ვიცავდით, პერიმეტრს ვაკონტროლებდით და ანგარიშში სხვაობა დიდი არ იყო. ამის შემდეგ, მეტოქეს თავისუფალი სროლების განხორციელების საშუალება მივეცით და ეს დამღუპველი აღმოჩნდა. ჩერნოგორიას ფარქვეშაც დიდი უპირატესობა ჰქონდა და ჩვენს ფარქვეშ 16 მოხსნა მიითვალა, სულ კი, 17 მოხსნით მეტი ჰქონდა. ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია. 32-ქულიანი მარცხი დასაფიქრებელია, მაგრამ თავდაჯერებულობა არ უნდა დავკარგოთ. ახლა, აქცენტი სრულად საქართველოსთან საშინაო მატჩზე უნდა გადავიტანოთ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125861