ფეხბურთი

14:25 | 1.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

რომან ფიფია: „ფულის ყრით დავიღალე“

საქართველოს ჩემპიონ თბილისის "დინამოში" განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით კლუბის მფლობელმა რომან ფიფიამ დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი განცხადებით, ცვლილებები მოხდა როგორც ხელმძღვანელობაში, ასევე გუნდის შემადგენლობაში.

„საზოგადოება კარგა ხანია ელოდება იმ სიახლეებს, რომლიც უნდა გაგაცნოთ - პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მიხეილ ხუციშვილმა, მიშა ჯიშკარიანმა და ლევან ზუხბაიამ „დინამო“ დატოვეს. მათთან წლების მეგობრობა მაკავშირებს, მაგრამ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა.

რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს - ჩვენი ჩემპიონატის ამჟამინდელი ფორმატიდან გამომდინარე, არ მინდა ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება და ამიტომ იგი რჩება პოსტზე. სპორტული დირექტორი ლევან გაბრიჩიძე იქნება“, - თქვა რომან ფიფიამ.

"გუნდი უნდა გავაახალგაზრდავოთ, შევათამაშოთ, უნდა გვქონდეს 3-4 წლიანი პროგრამა, მაგრამ, როდესაც ხდები ჩემპიონი, გადიხარ ლიგაზე და აღმოჩნდება, რომ ამ გუნდით იქ ვერაფერს გააკეთებთ, სხვა სიტუაციაში ვდგებით. მინდა გითხრათ, რომ „დინამოს“ მიზანი არ იქნება საქართველოს ჩემპიონობა, ევროპაში უნდა მივაღწიოთ წარმატებას. თუმცა, ეს მხოლოდ „დინამოზე“ არაა დამოკიდებული, კონკურენცია უნდა იყოს, შესაბამისი ინფრასტუქტურა ქვეყანაში. 4-5 კონკურენტუნარიანი გუნდი უნდა გვყავდეს.

ვთქვათ, მე ვიყიდე 10 მილიონად ის ფეხბურთელი, რომლებსაც „ქომაგები“ გვთხოვენ, მაგრამ ხვალ და ზეგ ისინი სად ვათამაშო?! - სულ ოთხი ნორმალური მოედანი გვაქვს საქართველოში. ამიტომ, ახალგაზრდებმა უნდა გამოიჩინონ თავი.

ლეგიონერებიდან, მხოლოდ ანტონი სკრიბე და სტეფან ველევი დარჩებიან. დანარჩენების დარჩენა უბრალოდ შეუძლებელია. მეკარის შეცვლაც დეკემბერში მოხდება. ჩემი „დინამოში“ ყოფნის პერიოდში 40-მდე ლეგიონერი მოვიყვანეთ, მაგრამ ვერანაირი განსხვავება ვერ მოგვცა. თუ არ ჩავთვლით ჩისკოსა და გრაიციარს. თუ ვიტყვი, რომ დავიღალე, მაშინ რა გამოვა? - პირიქით, „დინამომ“ ბიძგი უნდა მისცეს სხვა გუნდებს.

ფეხბურთელებს რაც შეეხება - ქვილითაიას წასვლის მიზეზი, იგი ტრავმირებული იყო, თუმცა, სურვილი რომ ჰქონოდა, აუცილებლად ითამაშებდა ჩვენთან. რენე სანტოსი კი, ახალ წლამდე ჩვენთან დარჩება, მერე კი ვნახოთ, როგორ გაგრძელდება საქმე.

მე მქონდა რწმენა, რომ ეს გუნდი მინიმუმ ევროპა ლიგაზე გავიდოდა. იარაბეკსაც თავიდანვე შევუთანმხდი, რომ მისი მიზანი ევროპა ლიგაზე გასვლა იყო, თუმცა იმედი მაქვს, სამომავლოდ ამ თემებზე საუბარი არ მექნება, რადგან მე დავიღალე ფულის უაზროდ ყრით. ახალგაზრდებს ლეგიონერების გამო შანსი არასდროს ეძლევათ, ამიტომ მათ უნდა ითამაშონ, გაიზარდონ. ამას კი მოთმინება სჭირდება. სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ და ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში 20 წელი არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გაზრდილიყო. ახლა კი საფუძველი არის, თუნდაც აკადემია, თუნდაც ხუთწლიანი პროგრამა, უნდა ნახოთ რა ბიჭები იზრდებიან, მომავალ წელსაც ჩავატარებთ ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირს და ნახავთ. გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. არც მე მიხარია ფულის უაზროდ ხარჯვა, ყველანაირად ვეცადე წარმატებას მიეღწია გუნდს, არამარტო ჩემთვის, ხალხისთვის, გულშემატკივრისთვის. ახლა კი ნელ-ნელა უნდა გავუყვეთ ყველაფერს.

თუ ვინ შეცლის იარაბეკს დეკემბერში, გადაწყვეტილი ნამდვილად არ მაქვს. ითქვა, რომ ლევან გვანცელაძე იქნება მწვრთნელიო, მაგრამ ყველაფერს უნდა გადავხედოთ და შევაფასოთ. სამწუხაროდ, როდესაც ადამიანი არ მოდის სტადიონზე და პრეტენზიები აქვს ყველაფერზე რთულია პასუხის გაცემა. არ არის მწვრთნელის შეცვლა ადვილი.

როდესაც რუსეთში გუნდი მყავდა, უმაღლეს ლიგაში გადასვლის შემდეგ „სოკოლის“ გაძღოლა ადგილობრივ მწვრთნელს ვანდე, მას არ გასჭირვებია, რადგან გუნდი უკვე მზად იყო და ბევრი არაფრის გაკეთება დასჭირვებია, მიუხედავად იმისა, რომ იგი საოცარი მწვრთნელი არ იყო. რა თქმა უნდა, ქართველ ახალგაზრდებს ქართველ მწვრთნელთან უფრო გაუდავილდებათ მუშაობა. ამასთან, ფეხბურთელები არ უნდა ჩავკეტოთ და გავუშვათ ევროპის კარგ გუნდებში. ამისათვის მათ აუცლიებლად უნდა აითვისონ ინგლისური ენა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ვინ იქნება ახალი მწვრთნელი ახლა ნამდვილად არ ვიცი.

მე ადრე ფეხბურთელებში ფული გადამიხიდია, მაგრამ შედეგი მასაც არ მოუტანია. ამ თავისუფალ აგენტებს კი საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ჰქონდათ და ამიტომ ამაზე აქცენტირება არმგონია მართებული იყოს. მე ვკითხულობ საოცარ კომენტარებს, მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად არ ვარ მაზოხისტი - ყველაფერს თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ.

ახალი ხელმძღვანელობას მიზნად არ ვუსახავ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას, მიუხედავად იმისა, რომ თუ მოვხდით კარგი იქნება. ჩვენ ვერ დავხარჯავთ იმდენ თანხას, რომ ლიგაზე მოხვდეთ, მაგრამ მერე რა გავაკეთოთ? მე რამდენიმე ვარიანტი მქონდა განსახილველად - დამეხარჯა ბევრი თანხა, მაგრამ გაამართლებდა თუ არა, კაცმა არ იცის. აქამდეც ბევრი დავხარჯე. ლევან გაბრიჩიძეს ვუსახავ ასეთ მიზანს - გუნდი უნდა გაახალგაზრდავდეს, ლეგიონერებით მოპოვებული საქართველოს ჩემპიონობა მე არ მინდა! წინა გზიდან არ უნდა გადაგვეხვია, ეს იყო შეცდომა ვაღიარებ. იგივე ნაბიჯს აღარ გადავდგამ. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გუნდი, რომლებიც „დინამოში“ სიხარულით ითამაშებენ. მე არ მოვითხოვ „დინამოდან“ ხვალ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში გადავდე. თუ ასეთ გუნდს დავუმატებთ ისეთ ლეგიონერს, რომელზეც ვერავინ ვერაფერს იტყვის კარგი იქნება. ლეგიონერს თუ დავიმატებთ, მხოლოდ 1-2 ადამიანს და არა 7-8 ფეხბურთელს. აგერ დავინახეთ, ველევი ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელიაო, მაგრამ ვერავინ ითამაშა ხომ დავინახეთ? ამით გულდაწყვეტილი ვარ.

ოქრიაშვილის და კანკავას დამატება? - არამგონია აქ ჩამოვიდნენ სათამაშოდ ამჟამად, ამიტომ ეს ტრანსფერები არც განიხილება.

ლევან გაბრიჩიძის ხედვები ძალიან მომწონს, თანხვედრაშია ჩვენი იდეები ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით, მწვრთნელთან დაკავშირებით. ამიტომ, ამ კანდიდატურაზე შევჩერდი. მას აქვს დრო იმისთვის, რომ „დინამოში“ გააგრძელოს მუშაობა ღირსეულად. მას დიდი ხანია ვიცნობ და ეს თანამდებობა ბოლო კვირაში შევთავაზე.

ყველამ კარგად ხომ იცის, რომ მარტო სახელმწიფოს ფულით ფეხბურთი ვერ განვითარდება, ბიზნესმენიც უნდა დაუდგეს გვერდით. ჩემი აზრით, ამის გარეშე ქართული ფეხბურთი ვერ განვითარდება. წარმოიდგინეთ, „დინამო“ რამდენს იხდის საშემოსავლოში, ისედაც მწირია ბიზნესმენების წილი და კარგი იქნება თუ ის დაიკლებს, მაგრამ ეს უფრო პარლამენტის და სპორტის სამინისტროს პრეროგატივაა".

0.13199