ავტოსპორტი

12:06 | 1.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქაჯაია ფანების რჩეული გახდა

დათა ქაჯაიას TCR-ის საერთაშორისო სერიის ბურირამის (ტაილანდი) რბოლები არ მოუგია, მაგრამ ამ რბოლებში ფანებს ყველაზე მეტად მოაწონა თავი. ამის მიზეზი მეორე რბოლის მიწურულს შესრულებული მანევრია, რომლითაც „ტიმ ენგსტლერის“ ქართველმა მრბოლმა, ერთ მოსახვევში, ერთდროულად სამ მეტოქეს გაასწრო.

ასეთი რამ სეზონში ერთხელ თუ მოხდება და რა გასაკვირია, თუ ამ გასწრების გამო, დათამ სეზონში პირველმა შეძლო ფანების სიმპატიის ორჯერ დამსახურება. პირველი აღიარება მან ჩემპიონატის პირველივე რბოლაში, ბაჰრეინში მიიღო, სადაც წინა ამძრავიანი ავტომობილით პირველად იასპარეზა და მართალია არ მოუგია, მაგრამ მაყურებელს ბრძოლის ჟინით დაამხასოვრა თავი.

ბურირამის საერთაშრისო ავტოდრომზე, დათამ ორივე რბოლა მე-13 პოზიციიდან დაიწყო, რისი მიზეზიც, საკვალიფიკაციო რბოლისას, მის მანქანაზე დაზიანებული ტრანსმისია გახდა. ასე იყო თუ ისე, მეორე რბოლაში ქაჯაიამ შეძლო ხუთი ადგილით წინ წაწევა და რბოლის მიწურულს იმ ჯგუფს მიუახლოვდა, რომელშიც ფრანგი ჟან-კარლ ვერნე (ფოლკსვაგენი), უნგრელი ატილა ტაში (სეატი) და ტაილანდელი კანტადჰეე კუსირი (ჰონდა) მე-5 ადგილისთვის იბრძოდნენ.

ბოლოსწინა წრეზე, მესამე მოსახვევთან მიახლოებისას, ამ სამეულს ერთმანეთთან დაძაბული ბრძოლა ჰქონდა. დათა მათ ოდნავ ჩამორჩებოდა, მაგრამ მოსახვევთან მიახლოებისას, ამ სამეულის მანქანების მიერ დატოვებული გაუხშოებული სივრცის გამოყენებით, მათ მჭიდროდ მიუახლოვდა და თითქმის გაუთანაბრდა კიდეც. თან ყველაზე ოპტიმალურ, უკიდურესად გარე ტრაექტორიაზე გადავიდა. რუსთავის ტრეკის ეგრეთ წოდბული „მარჯვენა 90-იანი“ მოსახვევის მსგავსად, ბურირამის ტრეკის მესამე მოსახვევიც ფაქტობრივად ორი მარჯვენა მოსახვევის ბმულია, მათ შორის არსებული, თითქმის შეუმჩნეველი სწორით.

დათას წინ მყოფმა სამეულმა მოსახვევში შესვლისას აპექსი გაიარა და მათი მანქანები სიჩქარემ გარე ტრაექტორიაზე გარიყა. დათამ გვიან დაიწყო მოხვევა და აპექსში ისე შევიდა, რომ შედარებით დაბალი სიჩქარის წყალობით, მისი „გოლფი“ შიდა მხარესვე დარჩა. და რაც მთავარია, სხვებზე ადრე დაიწყო აჩქარება. შესაბამისად, გამოსასვლელში ყველაზე ხელსაყრელი ტრაექტორია სწორედ მან დაიკავა და რაც მთავარია, სამივე მოსახვევშივე ჩამოიტოვა. დაკიდევ, მეტოქეებზე ადრე დაწყებული აჩქარების წყალობით, მალევე შეძლო მათი „უხიფათო“ დისტანციაზე ჩამოტოვება. მოკლედ, ასეთი მანევრით, მსოფლიოს ნებისმიერი დონის პილოტი იამაყებდა!

„ვერც წარმოვიდგენდი, თუ ასეთი შესაძლებლობა მომეცემოდა, რადგან ამ მომენტამდე, ისინი ბრძოლისას გზას ყოველთვის კეტავდნენ. და როგორც კი გასასვლელი დავინახე, ამით მაშინვე ვისარგებლე. დაუჯერებელი იყო. მე ამ სვლით ძალიან ბედნიერი ვარ. რბოლითაც კმაყოფილი ვარ. რეალურ ბრძოლაში პირველად ჩავები და შედეგითაც კმაყოფილი ვარ. მხოლოდ კვალიფიკაციაზე მწყდება გული, რადგან ჩემს მეორე წრეზე, წამყვანი ლილვი დამიზიანდა და ამის გამო, კარგი დრო ვერ ვაჩვენე“, - ნარბოლევს განაცხადა ქაჯაიამ.

ფანბის რჩეულის კონკურსში, ქართველი მრბოლის მეტოქე იყო ტაილანდლი კუსირი, რომელიც TCR-ის ტაილანდურ ჩემპიონატში ასპარეზობს და ეს TCR-ის საერთაშორისო სერიის მიმდინარე სეზონში მისი პირველი გამოსვლა იყო. უნდა ითქვას, რომ მან შესანიშნავი რბოლით დაგვამახსოვრა თავი. საბოლოოდ, ქაჯაიამ ფანების ხმების 71.3% დაიმსახურა, კუსირის კი 28.7% ერგო.

სხვათა შორის, ქაჯაიას რუსთავის ტრეკზე, ასეთ არაერთ ბრძოლაში მიუღია მიონაწილეობა. და 4 სექტემბერსაც რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკზე გამოვა, სადაც წრიულ რბოლებში საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატის მე-4 ეტაპი გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092504