საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ მაკონში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოსვლა ტრიუმფალური გამარჯვებით დაასრულა.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, ზაზა სილაგაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონები დავით ჩხარტიშვილი (55), რამაზ ზოიძე (66), გიორგი მელია (96) და ზვიად პატარიძე (120) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ნუგზარ წურწუმიამ მოიპოვა (50).
ამგვარად, სილაგაძის გუნდმა შარშანდელი ბრწყინვალე შედეგი გაიმეორა და გუნდური ჩემპიონობა არავის დაუთმო. ჩვენმა ნაკრებმა საერთო ჩათვლაში 51 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და უკან რუსეთის (40) და ირანის (34) ნაკრებები მოიტოვა.
ცნობისთვის, სილაგაძის გარდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელები მუხრან მაჭუტაძე, გიორგი ჯინჭველაშვილი და ოთარ ფევაძე იყვნენ, ექიმი – ლევან ლინნიკი, მსაჯები – თემო ყაზარაშვილი და ზაზა ჯიბლაძე, გუნდს კი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დიმიტრი გელაშვილიც ახლდა.
და ერთიც. ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მომენტად ის გდება დასახელდა, რომელმაც ზვიად პატარიძემ ფინალში თურქ ოსმან კენან ილდირიმს გაუკეთა და მორიგი ოქროს მედალი მოიპოვა.
აქვე ქართველთა ყველა მოგებული ფინალის ვიდეოც.