ჭიდაობა

22:50 | 31.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

სამი ოქრო ერთ დღეში - ზაზა სილაგაძის ოქროს გუნდმა საფრანგეთშიც გაიბრწყინა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები 2016 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე – მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრწყინვალედ გამოვიდა. საფრანგეთის ქალაქ მაკონში მიმდინარე ჩემპიონატზე დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა და მათგან სამში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ზაზა სილაგაძის გაწვრთნილი გუნდის წევრი ავიდა. მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ: დათო ჩხარტიშვილი (55 კგ), რამაზ ზოიძე (66 კგ) და ზვიად პატარიძე (120 კგ).

ჩხარტიშვილი საქმეში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო, გერმანელ ალექსანდერ გინცთან შეხვედრით და ადვილად მოიგო - 8:2. ფინალამდე იტალიელი ჯაკოპო სანდრონი (4:2) და ყირგიზი ნუზურბეკ ტოპჩუბაევი (9:8) ჩამოიშორა. ოქროს მედალს კი იაპონელი იო ნამბას ძლევით (3:2) დაეუფლა.

რამაზ ზოიძე ფრანგულ ხალიჩაზე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში გავიდა და ზედიზედ მეორედ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა. საჩემპიონო ბრძოლაში ზოიძემ ყაზახ კაჰარმან კისიმეტოვს 5:1 მოუგო. იქამდე კი ოთხ მეტოქეს აჯობა: ლიტველ კრისტუპას სლეივას (6:4), ბრაზილიელ ჟოილსონ დე ბრიტო რამოს ჟუნიორს (12:4), ეგვიპტელ მუჰამედ იბრაჰიმ ელსაიედსა (11:1) და ირანელ მოჰამად ჰუსეინ მორად ელიასის (7:5).

მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძენ-რომაელთათვის დათმობილი ორი დღე ტრადიციულად, მძიმე წონის ფინალით და შარშანდელის მსგავსად, ისევ საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. ზვიად პატარიძემ, რომელსაც ჯერ კიდევ შარშანდელი მსოფლიოს პირველობის შემდეგ, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველი ლომი უწოდა, მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატი წაუგებლად ზედიზედ მეოთხედ ჩაამთავრა. 2013 და 2014 წლებში პატარიძე ჭაბუკებს შორის გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო 2015 და 2016 წლებში ახალგაზრდებში დაეუფლა ტიტულს, თან ისე, რომ წარმატების მცირე შანსიც კი არც ერთი მეტოქისთვის არ მიუცია.

ამჯერად, საჩემპიონო გზაზე ქართველმა მძიმეწონოსანმა 31 ქულა აიღო და მხოლოდ 1 დათმო. მერვედფინალში ირანელ მოჰამადზამან მირზაზადეს 4:1 სძლია. მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ გამზატხან ისრაპილოვს 8 უპასუხო ქულა აართვა, ნახევარფინალში უნგრელ ფერენც ალმასის 9:0 მოუგო, ფინალში კი თურქ ოსმან კენან ილდირიმთან წაივარჯიშა – წუთსა და 21 წამში მოწინააღმდეგე 10:0 დაამარცხა.

დღესვე, საქმეში 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გურამ ხეცურიანიც ჩაერთო, მაგრამ მედლებისთვის ბრძოლას ერთი ეტაპის დაძლევის შემდეგ, მერვედფინალიდან გამოეთიშა.

მსოფლიოს პირველობაზე საპრიზო სამეულები სულ რვა წონაში შეივსო და ოთხში ყველას ქართველმა ბერძენ-რომაელებმა აჯობეს. გუშინ, მსოფლიოს ჩემპიონი 96 კილოგრამში მოჭიდავე გიორგი მელია გახდა. ნუგზარ წურწუმია (50 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ზაზა სილაგაძის გაწვრთნილმა გუნდმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

0.159926