საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი ახლოს იყო საფრანგეთის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდ “მარსელში” გადასვლასთან, მაგრამ ყველაფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. თავიდანვე გაჩნდა სხვადასხვა ცნობები, ტრანსფერის ვერგანხორციელების შესახებ.
სიტუაციაში უკეთ გასარკვევად WORLDSPORT.GE ოქრიაშვილის აგენტს, მამუკა ამიროვს დაუკავშირდა და მცირე, მაგრამ ძალზე საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. როგორც ამიროვმა გვითხრა, გარიგება ფინანსური საკითხის გამო ჩაიშალა და “ოქრის” გულთან დაკავშირებული პრობლემა არ აქვსო.
24 წლის ფეხბურთელის აგენტმა ისიც დააყოლა, “ოლიმპიკის” გამო უარი 7-ზე მეტ გუნდს ვუთხარით, მაგრამ მიუხედავად მცირე დროისა, ოქრიაშვილი უგუნდოდ არ დარჩებაო.
- რატომ ჩაიშალა ტრანსფერი, დასახელდა რამდენიმე მიზეზი. გულშემატკივარს აინტერესებს რა მოხდა სინამდვილეში?
- ფინანსურად ვერ მოვრიგდით. არავითარი გულის პრობლემა თორნიკეს არ აქვს.
- თუ ასეა, მაშინ ვისთან წარმოიშვა პრობლემა? “გენკსა” და “მარსელს” შორის თუ თქვენსა და “მარსელს” შორის?
- ჩვენსა და “მარსელს” შორის. საქმე “გენკამდე” არც მისულა...
- და რა იქნება ახლა – სატრანსფერო ფანჯარა მალე დაიხურება...
- ვნახოთ რა, როგორ იქნება. “გენკთან” ოქრის კიდევ ერთი წელი აკავშირებს. ჩვენ, “მარსელის” გამო უარი მინიმუმ 7 გუნდს ვუთხარით – “ოლიმპიკში” უნდოდა თორნიკეს თამაში, მისი გუნდში ხილვა გიუნტერ იაკობსაც სურდა, მაგრამ მგონი მის პოზიციას კლუბში მხარი არ დაუჭირეს.
- თუ მართლაც ასეთ დათმობაზე წახვედით, ამდენ გუნდს უთხარით უარი, ჩნდება კითხვა: რატომ ბოლო მომენტამდე არ მოგვარდა ფინანსური საკითხი?..
- რეალურად “მარსელი” გუშინ გაიყიდა და როგორც ჩანს, ხედვები აშკარად შეეცვალათ. ფაქტია, ეს ტრანსფერი არ გამოვიდა... ფინანსური საკითხის რისკი გამოზომილად ავიღეთ, ეს ფეხბურთია ყველაფერი შეიძლება მოხდეს – გეტყვით, რომ თორნიკე ოქრიაშვილი უგუნდოდ არ დარჩება!
- ანუ, არსებობს სხვა ვარიანტებიც?
- დიახ, ამის შესახებ დილიდან ვმუშაობთ და მალე ყველაფერს გაიგებთ. ახლა მეტის თქმა არ შემიძლია.