სხვა

14:27 | 31.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი პარალიმპელები რიოში მიემგზავრებიან (+VIDEO)

დღეს, 09:30 საათზე, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველი პარასპორტსმენების ოლიმპიადაზე გაცილების ცერემონია გაიმართა.

პარალიმპელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ნარმანია შეხვდნენ და წარმატება უსურვეს.

სპორტსმენთა პირველი ნაკადი ბრაზილიაში პარალიმპიადაზე საასპარეზოდ 1 სექტემბერს, 03:35 საათზე გაემგზავრება.

რიოს პარალიმპური თამაშების ლიცენზია ხუთმა ქართველმა პარასპორტსმენმა მოიპოვა: პარამშვილდოსნობა – ვანო წიკლაური – გამოვა 10 სექტემბერს, 15.00 სთ; პარაძიუდო – ზვიად გოგოჭური – გამოვა 10 სექტემბერს, 10.00 სთ; წოლჭიმი (შტანგა) – აკაკი ჯინჭარაძე – გამოვა 13 სექტემბერს, 16.00სთ; პარაცურვა – ლია ჩაჩიბაია – გამოვა 14 სექტემბერს, 09.30სთ; ეტლით ფარიკაობა – ირმა ხეცურიანი – გამოვა 14 სექტემბერს, 09.00სთ.

პარალიმპური თამაშები 7-18 სექტემბერს პარასპორტის 23 სახეობაში გაიმართება.

პირველი შშმ პირთა საერთაშორისო შეჯიბრი 1960 წელს, რომის XVII ოლიმპიური თამაშების დამთავრებისთანავე გაიმართა, სადაც ერთდროულად რამდენიმე სპორტულ დისციპლინაში 23 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. 1989 წლიდან კი ჩამოყალიბდა საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტი. დღეს მის შემადგენლობაში შედის 177 ქვეყნის ეროვნული პარალიმპური კომიტეტი და 9 საერთაშორისო სპორტული ფედერაცია.

პარალიმპელები მონაწილეობენ ზაფხულის და ზამთრის 31 სპორტულ დისციპლინაში. მათ შორისაა: მშვილდოსნობა, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ძალოსნობა (წოლჭიმი), ველოსპორტი, ეტლით კალათბურთი, უსინათლოთა ფეხბურთი, ჰოკეი, ეტლით ფარიკაობა, მაგიდის ჩოგბურთი და სხვა სახეობები.

საქართველოს დელეგაციამ პირველად 2008 წლის პეკინის პარალიმპურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა. პეკინში საქართველოს სახელით ერთი ათლეტი – იაგო გორგოძე ასპარეზობდა ძალოსნობაში და მე-8 ადგილი დაიკავა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.119666