"მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველი სამირ ნასრი მიმდინარე სეზონს ერთწლიანი იჯარის წესით ევროპა ლიგის მოქმედ ჩემპიონ "სევილიაში" გაატარებს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, აღნიშნული შეთანხმება უკვე შედგა და დღის ბოლომდე ტრანსფერი ოფიციალურად გამოცხადდება.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ლა ლიგის გუნდი ფრანგის ხელფასის 65%-ს გადაიხდის, ხოლო გამოსყიდვის უფლების დატოვება ესპანელებმა არ ისურვეს. "მანჩესტერ სიტის" მიზანი ფეხბურთელის გაყიდვა იყო, თუმცა სამირს კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე აკავშირებს და ჯერჯერობით თავისუფალი აგენტი ვერ გახდება.
ნასრის ტრავმის გამო გასული სეზონი თითქმის გაუცდა და არც მიმდინარე სათამაშო წელს აქვს კარგი სტარტი, რადგან მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ისიც 15 წუთით.