როცა გაირკვა, რომ ლუის ჰამილტონი ძრავის ჯარიმას ბელგიის დიდ პრიზზე „დახარჯავდა“, სპას რბოლის გამარჯვებულად, ლამის წინდაწინ გამოცხადდა ნიკო როსბერგი. მართალია, „რედ ბულმა“ საგრძნობლად გააუმჯობესა შედეგები, მაგრამ „მერსედესამდე“ ჯერაც ბევრი უკლია. რბოლის დროს კი ისიც გამოჩნდა, რომ მაქს ფერსტაპენი ძალიან სწრაფი პილოტი კი არის, მაგრამ თინეიჯერული ტემპერამენტი ცუდ სამსახურს უწევს. მოკლედ, როსბერგს მხოლოდ იღბალი თუ შეაქცევდა ზურგს...
არ შეაქცია და მასაც ისღა დარჩენოდა, კუთვნილი გამარჯვება გაეფორმებინა. სპაზე მან ცალკე რბოლაში მიიღო მონაწილეობა. ყოველ შემთხვევაში, რეალური მეტოქე არ ჰყოლია. მაგრამ ამის მიუხედავად, რბოლა მაინც ძალიან საინტერესო გამოდგა. მასში საკმარისზე მეტი იყო ბრძოლაც და ინციდენტიც. მოკლედ, სპა ისევ საუკეთესო ფორმაშია, რადგან ო რუჟის ტრასაზე სხვანაირად ვერც იქნება...
ლეგენდარული მოსახვევი ტყუილად არ ვახსენეთ. მან კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ძალიან სახიფათო მოსახვევია. თუმცა ამაზე მოგვიანებით, რადგან „წითელი წყლის“ ინციდენტამდე იყო სასტარტო შეხლა-შემოხლა (ამ სიტყვის ყველანაირი მნიშვნელობით), რომელმაც „ფერარის“ კიდევ ერთი იმედგაცრუება მოუტანა, მაქს ფერსტაპენს კი სასარგებლო გაკვეთილი, რომელიც ჰოლანდლ პილოტს მომავალში აუცილებლად გამოადგება.
როსბერგმა შესანიშნავი სტარტი აიღო და თავიდანვე დაწინაურდა. ფერსტაპენი კი ოდნავ შეყოვნდა, რაც საკმრისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მას ორივე „ფერარი“ გვერდში ამოსდგომოდა. თითქოს, კიმი რაიკონენმა და სებასტიან ფეტელმა შეძლეს კიდეც მისი გასწრება, მაგრამ პირველ მოსახვევში ჰოლანდიელმა მათზე გვიან დაამუხრუჭა. შედგად, სამივემ იზარალა! ფეტელი თანაგუნდელს მაცხნიდან დაეჯახა და დატრიალდა. და სანამ მთელი პელოტონი გაუვლიდა, ადგილიდან ვეღარ გაინძრა. ფერსტაპენმა და რაიკონენმა გზა გააგრძელეს, მაგრამ ორივეს ბოქსებში შესვლამ მოუწია, რადგან მათს მანქანებს წინა ანტი ფრთები დაუზიანდათ. ამას ისიც დაემატა, რომ კიმის „ფერარის“ ცხვირის შეცვლისას ცეცხლი გაუჩნდა და მისი პიტსტოპი მეტისმეტად გაჭიანურდა.
ამასობაში, „ფორს ინდიას“ ორივე პილოტმ ხუთეულში შეაღწია. ამასთან, ნიკო ჰულკენბერგი მეორე იყო, დანიელ რიკიარდოს წინ და ეტყობოდა, რომ მცირე სიურპრიზისთვის იყო განწყობილი. სერხიო პერესსაც კარგი ტემპი ჰქონდა. თუმცა მე-6 წრეზე, ო რუჟიდან გამოსვლისას, კერბზე გავლისას მანქანზე კონტროლი დაკარგა კევინ მაგნუსენმა, რომლის „რენოც“ მოსახვევ რადიიონთან საბურავების ზღუდეს დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ბარიერი სარემონტო გახდა. დანიელი პილოტი მანქანიდან თვითონ ამოვიდა, თუმცა კოჭლობდა და გასასინჯად უახლოეს ჰოსპიტალში გადაიყვანეს. როგორც გაირკვა, მას მარცხენა მუხლზე მცირე ჭრილობა ჰქონდა, თუმცა ბედად, სერიოზული არაფერი.
რბოლის შეწყვეტის მომენტში, ჰამილტონი და ფერნანდო ალონსო, რომლებმაც სტარტი ბოლო რიგიდან აიღეს, შესაბამისად მე-5 და მე-4 ადგილებზე იყვნენ. ბრიტანელმა რესტარტზევე გაასწრო ყოფილ თანაგუნდელს. აქედან მოყოლებული, ძირითადად ტაქტიკური და ლოკალური ბრძოლები გაიმართა, რასაც ბევრი არაფერი შეუცვლია.
ფერსტაპენი, რაიკონენი და ფეტელი კი რამდენჯერმე ისევ „გადაეყარნენ“ ერთმანეთს და ყოველმა ასეთმა შეხვედრამ, ინციდენტების ზღვარზე ჩაიარა. ფერსტაპენი საკმაოდ ხისტად ახერხებდა თავისი პოზიციის დაცვას, რითაც „ფერარის“ პილოტების უკმაყოფლებას იწვევდა. მაგრამ ასე იყო თუ ისე, ორივემ რბოლა მასზე წინ, ქულებში დაასრულა, „რედ ბულის“ ვუნდრკინდი კი უქულოდ დარჩა!
„საერთო ჯამში, ყველაფერს ვაკონტროლებდი. მანქანამ შესანიშნავად იმუშავა და ლუისიც შორს იყო, რომ ბრძოლა გაემართა. ამან კი საქმე გამიადვილა“, - რბოლის შემდეგ განაცხადა როსბერგმა, ვინც კარიერაში მე-20, ამ სეზონში კი მე-6 გამარჯვება მოიპოვა და ჰამილტონთან ჩამორჩენა 10 ქულით შეამცირა.
ბელგიის დიდი პრიზი
სპა ფრანკორშანი, დისტანცია 308.052 კმ (7.004 კმ, 44 წრე)
- ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:44:51.058
- დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) +00:14.113
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 00:27.634
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 00:35.907
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 00:40.660
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 00:45.394
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 00:59.445
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 01:00.151
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 01:01.109
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 01:05.873
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 01:11.138
- ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 01:13.877
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 01:16.474
- დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 01:27.097
- ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 01:33.165
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, მენორი) 1 წრე
- ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1 წრე
გ. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 39 წრე
გ. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 41 წრე
გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 43 წრე
გ. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 43 წრე
გ. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 44 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:51.583, მე-40 წრე
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 232 ქულა; 2. ნიკო როსბერგი - 223; 3. დანიელ რიკიარდო - 151; 4. სებასტიან ფეტელი - 128; 5. კიმი რაიკონენი - 124; 6. მაქს ფერსტაპენი - 115; 7. ვალტერი ბოტასი - 62; 8. სერხიო პერესი - 58; 9. ნიკო ჰულკენბერგი - 45; 10. ფელიპე მასა - 39; 11. ფერნანდო ალონსო - 30; 12. კარლოს საინსი - 30; 13. რომენ გროჟანი - 2; 4. დანილ კვიატი - 23; 15. ჯენსონ ბატონი - 17; 16. კევინ მაგნუსენი - 6; 17. პასკალ ვერლაინი - 1; 18. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) - 1
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 455 ქულა; 2. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 274; 3. ფერარი - 252; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 103; 5. უილიამს-მერსედესი - 101; 6. მაკლარენ-ჰონდა - 48; 7. ტორო როსო-ფერარი - 45; 8. ჰაას-ფერარი - 28; 9. რენო - 6; 10. მენორ-მერსედესი - 1; 11. ზაუბერ-ფერარი - 0







