ჩილელი სპეციალისტი მანუელ პელეგრინი ჩინეთის სუპერლიგაში იმუშავებს. როგორც ESPN-ი იტყობინება, 62 წლის მწვრთნელი “ჰებეი ჩაინას” ჩაუდგა სათავეში. მხარებს შორის გაფორმებული კონტრაქტის ხანგრძლივობა და ფინანსური დეტალები არ ჯერჯერობით არ სახელდება.
პელეგრინის ახალი გუნდი ამ დროისთვის 23 ტურში მოპოვებული 35 ქულით 16 გუნდს შორის მეხუთე ადგილზე იმყოფება და ლიდერ “გუანჯოუ ევერგრანდს” 15 ქულით ჩამორჩება. სწორედ ჩინეთის სუპერლიგის ლიდერთან 10 სექტემბერს დანიშნულ მატჩში შედგება პელეგრინის დებიუტი “ჰებეი ჩაინას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
მანუელ პელეგრინი 2004 წლიდან ევროპაში მოღვაწეობდა, ესპანურ “ვილიარეალში”, მადრიდის “რეალში” და “მალაგაში” მუშაობის შემდეგ, 2013 წელს ინგლისურ “მანჩესტერ სიტის” ჩაუდგა სათავეში, საიდანაც გასული სეზონის ბოლოს დაითხოვეს.