საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე რაჭა-ლეჩხუმს ესტუმრა. ვიზიტის მთავარი მიზანი რეგიონში არსებული საფეხბურთო ვითარებისა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესწავლა იყო. როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, ჭუმბურიძემ ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში არსებული სტადიონები მოინახულა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.
სფფ-ის ვიცეპრეზიდენტს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უმასპინძლა. კახა ჭუმბურიძემ და რევაზ ბენიძემ რეგიონში არსებული ინფრასტრუქტურის მიმდინარე მდგომარეობა განიხილეს და რაჭა-ლეჩხუმში ფეხბურთის მასობრიობის გაზრდისა და სპორტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში კახა ჭუმბურიძე ასევე იმყოფებოდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარაში გამართულ სამოყვარულო ტურნირზე. ტურნირი, სახელწოდებით „ხვანჭკარას თასი“, უკვე რამდენიმე წელია იმართება და რაჭის 12 სოფლიდან მოყვარულ ფეხბურთელებს აერთიანებს. კახა ჭუმბურიძე ფინალურ მატჩს დაესწრო და გამარჯვებულებსა და ტურნირის ორგანიზატორებს სპორტული ინვენტარი გადასცა.