„ჰონდა“ მიმდინარე სეზონში თავის ფორმულა 1-ის ძრავს კიდევ ორ მოდიფიკაციას ჩაუტარებს, რის შემდეგაც მთლიანად მომავალი სეზონისთვის მზადებაზე გადაერთვება. ამის შესახებ, ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტთან“ საუბრისას, „ჰონდას“ იუსუკე ჰასეგავამ განაცხადა. ორიდან პირველი მოდიფიკაცია სპას რბოლისთვის უნდა იყოს მზად, მეორე მოდიფიკაცია კი სეზონის მიწურულისთვის მოესწრება.
„ჩვენ მხოლოდ ცხრა რბოლა დაგვრჩა. ამიტომ, მხოლოდ ორი შანსი დაგვრჩა იმისთვის, რომ ძრავის ახალი მოდიფიკაციები მოვამზადოთ. ერთი შანსი სპაზე გვექნება, მეორე კი მოგვიანებით. ჩვენს ხელთ არსებული ჟეტონების სრულად გამოყენებას ვაპირებთ“, - ამბობს ჰასეგავა და დასძენს, რომ გამოწვევაა იმ დროის განსაზღვრაც, როცა მისი ინჟინრები მთლიანად გადაერთვებიან მომავალი სეზონისთვის მზადებაზე.
„ეს ჩემი უდიდესი საზრუნავია. უნდა გადავწყვიტო, როდის დავიწყო მომავალი სეზონისთვის მზადება და როდის შევაჩერო ამ სეზონზე მუშაობა. ჯერჯერობით, ამ სეზონზე ხელი არ ჩაგვიქნევია. მაგრამ შესაძლოა ამ თვეშივე მომიწიოს გადაწყვეტილების მიღება. სექტემბრის შემდეგ, ამ სეზონისთვის კვლევები შეწყდება. სტენდზე ტესტებს ოქტომბერში ჩავატარებთ“, - ყვება ჰასეგავა.
ის ასევე აღიარებს, რომ სოლიდური პროგრესის მიუხედავად, „ჰონდას“ ძალური დანადგარი კონკურენტი „მერსედესის“, „ფერარის“ და „რენოს“ ძრავებთან ჯერაც აგებს: „ჩვენ მეოთხეზე ვართ. „მერსედესი“, „ფერარი“, „რენო“ და მერე „ჰონდა“. „რენოსთან“ კვლავ დიდი ჩამორჩენა გვაქვს. ჩემთვის მოულოდნელობაა მათი ასეთი პროგრესი. ისინი შესანიშნავად მუშაობენ. მომავალი სეზონისთვის, „მერსედესის“ დონის ძრავის მომზადებას ვაპირებთ. ჯერჯერობით არ ვიცი, ეს რამდენად მიღწევადია. მაგრამ სწორედ ამ მიზანს ვისახავთ“.







