ფეხბურთი

15:21 | 25.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ზალცბურგის” ანტი და კრამერის რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე...

ავსტრიის ჩემპიონი “ზალცბურგ რედ ბული” ისევ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მიღმა დარჩა. ამ კლუბისთვის ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირი მიუღწეველი ბარიერი გახდა – 9 მცდელობა და ყველა შემთხვევაში მარცხი.

“რედ ბულმა” სკვალიფიკაციო ეტაპზე 2006 წელს ესპანურ “ვალენსიასთან” წააგო, ერთი წლის თავზე დონეცკის “შახტართან”, 2009 წელს ჰაიფას “მაკაბისთან”, ხოლო 2010 წელს – თელ-ავივის “ჰაპოელთან”. 2012 წელს, “ზალცბურგს” მოულოდნელად ლუქსემბურგულმა “დუდელანჟმა” აჯობა, 2013 წელს სტამბოლის “ფენერბახჩემ”, 2014 და 2015 წლებში კი, შვედურმა “მალმემ”. ამჯერად, ავსტრიის ჩემპიონზე ძლიერი ზაგრების “დინამო” გამოდგა, არადა, “ზალცბურგი” ძალზე ახლოს იყო ჯგუფურ ეტაპთან, თუმცა დამატებით დროში მაინც დამარცხდა...

თუ “ზალცბურგი” ვერაფრით ახერხებს ტაბუს მოხსნას, გერმანელმა ფეხბურთელმა კრისტოფ კრამერმა ბოლო 15 თვეში მეოთხედ ირგუნა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თამაშის უფლება – საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა გერმანელმა 2015 წლის მაისში მიონხენგლადბახის “ბორუსიასთან” ერთად მოიპოვა ლიგის საგზური, მაგრამ ზაფხულში ლევერკუზენის “ბაიერში” გადაბარგდა და პლეი-ოფში რომის “ლაციოს” ძლევით აღმოჩნდა ჯგუფში. თავის მხრივ, “ფარმაცევტებთან” ერთად კრამერმა მიმდინარე წლის მაისში გაინაღდა ლიგაზე თამაში, მაგრამ ამჯერად უკვე “გლადბახს” დაუბრუნდა და სწორედ ამ გუნდის რიგებში პლეი-ოფში “იანგ ბოიზს” მოუგო...

0.116327