პოლონეთში მიმდინარე საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირის პირველი დღე მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების შვედეთთან მარცხის (60:73) შემდეგ, გუშინვე მასპინძელმა პოლონეთმა ბელგიასთან 55:58 წააგო. შეჯიბრის დაწყებამდე ფავორიტად მიჩნეული საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებები დღეს მესამე ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ტურნირის გამარჯვებული კი შვედეთისა და ბელგიის ნაკრებთა შეხვედრაში გამოვლინდება.
სამწუხაროდ, შვედეთთან შეხვედრის მეორე მეოთხედში ტრავმა მიიღო საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა. ამერიკელს, რომელმაც მუხლი დაიზიანა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, სამედიცინო გამოკვლევა დღეს ჩაუტარდება და ტრავმის სიმძიმე დადგინდება, თუმცა როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, ექიმების ნებისმიერი პასუხის მიუხედავად, დღეს პოლონეთთან შეხვედრაში დიქსონის თამაში თითქმის გამორიცხულია. ილიას ზუროსის გუნდს დიდი ალბათობით ვერც ამჯერად დაეხმარება თორნიკე შენგელია, რომელსაც ტრავმის გამო შვედეთთანაც არ უთამაშია.
საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებთა დღევანდელი შეხვედრა ადგილობრივი დროით 20:00 საათზეა დანიშნული. მატჩის
ტრანსლაცია იწარმოებს პოლონურ კომერციულ არხზე polsat sport HD და მისი ნახვა ინტერნეტმომხმარებლისთვის ფასიანია (4.90 ზლოტი):http://www.ipla.tv/live