გერმანული ბუნდესლიგა იწყება და “ბერლინერ ცაიტუნგ”-მა რამდენიმე ცნობილი სახე გამოჰკითხა, თუ რას ელიან ისინი "ჰერტასგან" მომავალ სეზონში. მათ შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის კომენტარიც გამოქვეყნდა.
"გუნდი ეცდება, რომ ცხრილის ზედა ნაწილში დაიმკვიდროს ადგილი. ვერ ვიმსჯელებ, "ჰერტა" წინა სეზონთან შედარებით უფრო კარგი ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული თუ არა. ვიცი, რომ სლოვაკეთის ნაკრების მოთამაშე ონდრეი დუდა გადავიდა "ჰერტაში". ის დიდი ტალანტია და სარგებელს მოიტანს. შესაძლოა, კლუბი სატრანსფერო ბაზარზე კიდევ აქტიურობს და გუნდი უფრო გაძლიერდეს. ვინ შეიძლება გახდეს "ჰერტას" საუკეთესო ფეხბურთელი ამ სეზონში? მე "ჰერტას" ბევრ ფეხბურთელთან დღესაც ვმეგობრობ და გამორჩევა არ მინდა. მინდა, თითოეულ მათგანს და მთლიანად ჩემს ყოფილ კლუბს წარმატება ვუსურვო".
შეგახსენებთ, კობიაშვილი 2010-2014 წლებში თამაშობდა "ჰერტაში" და სწორედ იქ, 36 წლის ასაკში დაასრულა ფეხბურთელის კარიერა.