კალათბურთი

0:03 | 23.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულმა ნაკრებმა “ანვილ-არენაზე” მსუბუქად ივარჯიშა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც პოლონეთში გუშინ დილას ჩავიდა, „ანვილ-არენაზე“ პირველი ვარჯიში გამართა. ვლოცლავეკი პატარა ქალაქია, თუმცა მისი გუნდი „ანვილი“ არა – მხოლოდ პოლონეთში, ევროპაშიც საკმაოდ ცნობილია.

ვლოცლავეკელები წლების წინ ევროლიგაშიც ასპარეზობდნენ, პოლონეთში კი ერთ-ერთ ყველაზე გამართული ინფრასტრუქტურისა და სოლიდური მიღწევების კლუბი ჰყავთ.

სწორედ „ანვილ-არენა“ უმასპინძლებს 31 აგვისტოს ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მატჩს, რომელშიც პოლონეთი პორტუგალიას დაუპირისპირდება. აქვე გაიმართება იმ ტურნირის მატჩებიც, რომელშიც ბელგიის, შვედეთისა და პოლონეთის ნაკრებებთან ერთად 24-25 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გუნდიც იასპარეზებს.

ტურნირის ფორმატი შემდეგნაირია: 2 ნახევარფინალი, რომელთა შემდეგაც გაიმართება მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი. ორგანიზატორებმა საქართველო შვედეთს, ხოლო პოლონეთი – ბელგიას შეუწყვილეს, რომელთა ჩატარების შემდეგაც გაირკვევა, 25 აგვისტოს ვინ ითამაშებს ფინალს და ვინ – მესამე ადგილისთვის მატჩს.

საქართველოს ნაკრები იშვიათი სილამაზის სასტუმრო “ამბერ პალასში” დაბინავდა, რომელიც „ანვილ-არენადან“ 5 წუთის სავალზეა. ილიას ზუროსის გუნდი ტურნირის მონაწილე შვედეთსა და ბელგიაზე ადრე ჩავიდა პოლონეთში და შესაბამისად, „ანვილის“ სარბიელთან საადაპტაციოდ მეტი დრო ექნება.

პირველი ვარჯიში ქართველებმა ადგილობრივი დროით 17:00 საათზე გამართეს. გამოყოფილი საათნახევრიდან ილიას ზუროსმა 1 საათი გამოიყენა და მგზავრობით დაღლილი კალათბურთელები დიდად არ დატვირთა. ძირითადად სროლები და ბლოკის სწორად დაყენება იყო ის კომპონენტები, რაზეც მწვრთნელებმა კალათბურთელები ავარჯიშეს.

გუნდთან ერთად არ უვარჯიშია თორნიკე შენგელიას, რომელიც ექიმების მეთვალყურეობით ინდივიდუალურად ემზადებოდა. თორნიკეს ფორმა ბოლომდე არ აქვს აღდგენილი და ნაკრების დანარჩენი წევრებისგან განსხვავებული, სპეციალურად შერჩეული გრაფიკით ვარჯიშობს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, 23 აგვისტოს, ერთ ვარჯიშს გამართავს: „ანვილ-არენაზე“ ზუროსი გუნდს 17:00 საათისთვის შეკრიბავს და შვედეთთან მატჩის წინ გენერალურ წვრთნას ჩაუტარებს.

www.gbf.ge

0.18308