2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქე ალბანეთმა მოსამზადებელ ციკლში პირველი გამარჯვება იზეიმა. ანტონის კონსტანტინიდესის შეგირდებმა ამ წარმატებას ნიქოზიის ოთხთა ტურნირზე მიაღწიეს, სადაც მათ გარდა მასპინძელი კვიპროსი, ესტონეთი და ყატარი ირჯებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ალბანელებმა საწყისი მატჩები კვიპროსთან (51:94) და ესტონეთთან (64:71) დათმეს, აუტსაიდერთა ჯახში კი ყატარს დრამატულ ბრძოლაში 71:70 (12:20, 10:14, 35:24, 14:12) სძლიეს.
ქართველთა მომავალმა მეტოქემ აზიელებთან მატჩის პირველი ტაიმი 12 ქულის სხვაობით წააგო, თუმცა, მე-3 მეოთხედში ერთბაშად 35 ქულა ჩააგდო და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა.
თამაშის ბედი სულ ბოლოსკენ გადაწყდა. საფინალო სირენამდე 13 წამით ადრე, ალბანელთა 31 წლის უკანახაზელმა გენტი ლასკუმ სამქულიანი ჩააგდო და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
ალბანეთის ნაკრებში საუკეთესო 22 წლის მცველი ელვისი დუშა იყო, რომელმაც თამაშიდან 16-დან 9 ტყორცნა გამოიყენა და 21 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
მორიგ ორმაგ დუბლს (17 ქულა, 13 მოხსნა) გამორჩა 28 წლის ცენტრი ენდრიტ ჰისენაგოლი, ხსენებულმა ლასკუმ 13 ქულა მოაგროვა, 30 წლის მძიმე ფორვარდ გერტი შიმას აქტივში კი 10 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება იყო.
საინტერესოა, სტატისტიკური კუთხით, მატჩში თითქმის თანაბარი მაჩვენებლები დაფიქსირდა. თავად განსაჯეთ. ალბანეთი-ყატარი: ორქულიანები (21:19), სამქულიანები (7:7), საჯარიმოები (8:10), მოხსნები (32:34), პასები (15:13), დაკარგვები (18:19), ჩაჭრები (7:9), დაფარებები (4:5).
აქვე ვთვათ, რომ ნიქოზიის ტურნირის გამარჯვებული კვიპროსი გახდა, რომელმაც ესტონეთს მოულოდნელი მარცხი აგემა - 72:64.
ალბანეთის საკალათბურთო ნაკრებს დასკვნითი საკონტროლო მატჩები 24-26 აგვისტოს ტალინში ელის. ისინი ოთხთა ტურნირში შემდეგი თანამიმდევრობით, ისრაელს, უკრაინას და მასპინძელ ესტონეთს ეთამაშებიან.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2017-ის საკვალიფიკაციო ციკლში ალბანეთის მეტოქეები საქართველო, ჩერნოგორია და სლოვაკეთი არიან. კონსტანტინიდესის შეგირდები პირველ მატჩს სწორედ თბილისში 31 აგვისტოს ჩაატარებენ.