ჭადრაკი

23:57 | 21.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ აზმაიფარაშვილი: “ევროპის საჭადრაკო კავშირი კორუფციას არ შეეგუება”

ცნობილ საჭადრაკო ვებ-გვერდმა Chessdom-მა ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ ზურაბ აზმაიფარაშვილთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომლიც თარგმანიც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საიტმა შემოგვთავაზა.

- ბატონო ზურაბ, გმადლობთ რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. ევროპის საჭადრაკო კავშირის გენერალურ ასამბლეაზე, ბაქოში, თქვენ განაცხადეთ, რომ ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა. შეგიძლიათ გაგვაცნოთ დეტალები?

- გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშებზე დაყრდნობით ორგანიზაციის წევრებს თავადვე შეუძლიათ დასკვნების გამოტანა. პირველი წლის ფინანსური შედეგების მიხედვით, ჩვენ ევროპის საჭადრაკო კავშირის წლიური შემოსავალი დაახლოებით 30%-ით გავზარდეთ. აგრეთვე შევამცირეთ ხარჯები, რაც განვითარებასა და კომისიების მშენებლობას უწყობს ხელს. ევროპის საჭადრაკო კავშირის რეზერვები დღესდღეობით 500 000 პირობით ერთეულს აღწევს. ორგანიზაცია არის ჯანსაღი, სანდო და მდგრადად განვითარებადი.

- თქვენი გამოსვლა შეეხებოდა ევროპის ჩემპიონატების დაფინანსებასა და ტენდერების რაოდენობის ზრდას. შეგიძლიათ მეტი გვიამბოთ ამ საკითხზე?

- დიახ, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ევროპის საჭადრაკო კავშირის ყველა ტურნირი წინასწარაა დაგეგმილი მომდევნო ორი წლის განმავლობაში, 2018 წლამდე. უფრო მეტი ფედერაცია იღებს ტენდერებში მონაწილეობას, რადგან პროცესი სრულიად გამჭვირვალეა და მივესალმებით ნებისმიერ კარგ შემოთავაზებას. ევროპული ღონისძიებების ორგანიზება აღარ მოხდება საიდუმლო მოლაპარაკებების საფუძველზე, როგორც უკვე განვაცხადეთ ტრომსოს გენერალურ ასამბლეაზე.

ევროპული ინდივიდუალური ჩემპიონატების ჩატარებაც გარანტირებულია ჩვენი მმართველობის ბოლომდე. ევროპის ქალთა ჩემპიონატი ტარდება ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატთან ერთად და ორგანიზაციები, ნაცვლად დონორებისა, არიან ქალთა ჭადრაკის სპონსორები. გარდა ამისა, ვაჟთა ჩემპიონატებიც განსაზღვრულია 2017 წელს მინსკსა და 2018 წელს ბათუმში.

ჩვენი სტრატეგიის წყალობით, რომელიც მიზნად ისახავს საჭადრაკო ღონისძიებების პოპულარიზაციას, ნაკლებ პოპულარული ტურნირებისთვისაც კი იმართება ტენდერები. ახლა კი სასიამოვნო დილემას წავაწყდით: ჩვენ არ შეგვიძლია ყოველი ფედერაციისა და ორგანიზატორის დაკმაყოფილება.

- გენერალურ ასამბლეაზე დიდი დრო დაეთმო ბულგარეთის ჭადრაკის ფედერაციის ირგვლივ არსებულ უთანხმოებას. არსებობს ახალი მონაცემები 2015 წლის გენერალური ასამბლეის შემდეგ?

- აქ კი საჭიროა ყურადღებით ვიყოთ ევროპის საჭადრაკო კავშირის გენერალური ასამბლეის დროს წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ეს ფაქტები ბულგარეთის სახელმწიფო გამოძიებამ წარმოადგინა და არა – ჩვენ ან უცხოპლანეტელებმა.

ბულგარეთის გამოძიებამ ჩვენამდე მოაღწია ბულგარეთის ფინანსური გამოძიების სააგენტოსა და ინტერპოლის საშუალებით, რომელთაც გადავეცით საჭირო ახსნა-განმარტება და დოკუმენტაცია.

გამოძიებისთვის ბევრი რამ არის ცნობილი, თუმცა ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რაც დანამდვილებით ვიცით. ასობით ათასი ევრო გადაირიცხა ბანკის ანგარიშზე სლოვენიაში, რომელიც კომპანია LLC Delaware-ს ეკუთვნოდა. ეს კომპანია კი ევროპის საჭადრაკო კავშირისათვის უცნობია.

ბულგარეთის ჭადრაკის ფედერაციამ გადმოაგზავნა ყალბი ინვოისები ხელოვნურად შექმნილი ხარჯთაღრიცვით. მათი განცხადებით, ეს ფული ევროპის საჭადრაკო კავშირს ჩაურიცხეს, თუმცა მათთვისაც ცნობილია, რომ ევროპის საჭადრაკო კავშირი ასეთ გადასახადებს არ აწესებს.

თუ ყურადღებით გაეცნობით ამ საქმესთან დაკავშირებულ ყოველ წვრილმანს, მიხვდებით, რომ გარკვეული პიროვნებებისთვის, ოთხი წლის განმავლობაში, ევროპის საჭადრაკო კავშირი იყო ფულის გათეთრების საშუალება.

- ევროპის საჭადრაკო კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა, სილვიო დანაილოვმა, ბულგარეთის მედიაში განაცხადა, რომ ევოპის საჭადრაკო კავშირის ადმინისტრაცია ცდილობს წინ აღუდგეს მის სწრაფვას ფიდეს პრეზიდენტობისთვის. ამ საკითხზე რა კომენტარს გააკეთებთ?

- მე ვისურვებდი უფრო სერიოზულ არგუმენტებზე გამეკეთებინა კომენტარი, თუმცა თუ თქვენ პასუხი გნებავთ...

დანაილოვისთვის თავდაცვის სუსტი სტრატეგიაა ბულგარეთში მხარდაჭერის მოპოვების მცდელობა, თუმცა ფიდეს ადმინისტრაცისთვის ეს ნამდვილი საჩუქარია, რადგან თუ დანაილოვი განაგრძობს ფიდეს ოპოზიციის პროვოცირებას, 2018 წლის არჩევნები აღარ ჩატარდება, რადგან ვეღარავინ შეძლებს წინ აღუდგეს მას.

ჩვენ არ გვაკმაყოფილებს ფიდეს ქმედებები ევროპაში კორუფციის წინააღმდეგ. ფიდეს ეთიკის კომისიამ მიიღო საბოლოო დაგაწყვეტილებები ბულგარეთის ჭადრაკის ფედერაციის საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც არც კი გამოუქვეყნებიათ იმ მიზეზით, რომ ფიდეს ეთიკის კომისიის ვებგვერდი ჯერჯერობით მზად არ არის.

- საბჭომ დააყენა ბულგარეთის ჭადრაკის ფედერაციის ევროპის საჭადრაკო კავშირიდან დროებით გარიცხვის საკითხი. ფიქრობთ რომ ეს ერთადერთი გამოსავალია?

- 2015 წლის მაისიდან მოყოლებული ჩვენ ვცდილობთ ბულგარეთის ჭადრაკის ფედერაციისგან მივიღოთ განმარტებები ევროპის საჭადრაკო კავშირში საეჭვო გადარიცხვების შესახებ.

ნაცვლად ნორმალური ახსნა-განმარტებისა, ჩვენ მივიღეთ საჩივრების ნაკადი შეთქმულების თეორიაზე, რომელიც მიმართულია ბულგარეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის, ევროპის საჭადრაკო კავშირისა და ჩვენი პირადი ცხოვრების წინააღმდეგაც კი.

ყველამ უნდა გაიგოს, რომ ევროპის საჭადრაკო კავშირის საბჭოს სხვა გზა არ აქვს. კრიმინალური გამოძიება მიმდინარეობს ბულგარეთისა და ევროპის საჭადრაკო კავშირის საკუთრების ხელყოფაზე. ჩვენ ბევრჯერ გვთხოვეს ოფიციალურად თუ არაოფიციალურად რომ ჩუმად ვიყოთ, თუმცა ამას არ ვაპირებთ.

ჩვენ არ შევუწყობთ ხელს უკანონო ქმედებებს. თუ საბჭო არ მიიღებს ამ რადიკალურ გადაწყვეტილებას, იგი ბულგარეთის საჭადრაკო ფედერაციის პარტნიორი გამოვა ამ საქმეში.

რა უნდა ვქნათ თუ ასობით ათასი და შეიძლება მეტი ფულიც იხარჯება ევროპის საჭადრაკო კავშირის საეჭვო ქმედებებში? არაფერი გავაკეთოთ? არ გამოვიძიოთ? არ ვეცადოთ რომ ნათელი მოვფინოთ ყველაფერს? არ ვთხოვოთ ჩვენს წევრებს რომ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია? რატომ გვსურს ჭადრაკის სწავლება სკოლებში, თუ დავუშვებთ რომ ასეთი უსამართლობები მოხდეს?

ასეთ შემთხვევაში, სპორტის საერთაშორისო ფედერაციები კითხვებს არც კი დასვამდნენ. რამდენიმე დღეშიც კი შეიძლება ფედერაცია გაირიცხოს თუ იგი წესებს არ მიყვება და კორუფცია აშკარაა.

სამწუხაროდ, უმოქმედობისა და ადმინისტრაციული ორგანოების უუნარობის გამო, ჩვენ ნებას ვაძლევთ ხალხს ჭადრაკის სამყაროში ნამდვილი მაფიოზებივით მოიქცნენ.

ევროპის საჭადრაკო კავშირი ამას აღარ დაუშვებს. ყველამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.

- როგორ გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი ჭადრაკის ინდივიდუალურ მოთამაშეებზე ბულგარეთში?

- რაც შეეხება მოთამაშეებს, ჩვენ მათ დასჯას არ ვაპირებთ. პირიქით, მოჭადრაკეებს დავიცავთ. მოთამაშეების რეალური სასჯელი ის არის, რომ სახელმწიფოს ფული ჭადრაკის ხელშეწყობას არ ხმარდება და ამის ნაცვლად ოფშორულ ზონებში იგზავნება.

ბულგარეთის ჭადრაკის ფედერაციამ მოჭადრაკეების დასჯაც კი გაბედა ყოველგვარი მიზეზების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სასამართლო და ფიდეს ეთიკის კომისია ეწინააღმდეგება უკანონო სასჯელებს, ბულგარეთის ჭადრაკის ფედერაცია მაინც ცდილობს თავისი გაიტანოს. როგორც ჩანს, აღარ არსებობს ელემენტარული ადამიანური უფლებების პატივისცემა.

ევროპის საჭადრაკო კავშირის შემოთავაზების თანახმად, თუ მოხდება ბულგარეთის ჭადრაკის ფედერაციის გარიცხვა მანამ, სანამ ბულგარეთის მთავრობა აღკვეთს მის უკანონო ქმედებას, ბულგარელ მოჭადრაკეებს შეეძლებათ ინდივიდუალურად დარეგისტრირდნენ ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატებზე. მას შემდეგ, რაც უკანონობას ბოლო მოეღება, ბულგარეთის ჭადრაკის ფედერაცია შეძლებს ისევ გახდეს ევროპის საჭადრაკო კავშირის წევრი.

ჩვენ გთავაზობთ მიზანში ამოვიღოთ ჭადრაკის ფედერაციის ადმინისტრაცია, როგორც პასუხისმგებელი ყველანაირ უკანონობაზე. თუმცა აუცილებელია ბულგარეთის მთავრობის მიერ სასწრაფო ზომების მიღებაც.

- თქვენ ხართ ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს წევრიც. რას ფიქრობთ ფიდეს გრანპრის ფორმატის შესაძლო ცვლილებაზე?

- საინტერესო შეკითხვაა. ვფიქრობ რომ ახალ ფორმატს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ასპექტებიც. ჩემი აზრით, დადებითი მხარეა: 1. მოკლე ღონისძიებები - მხოლოდ 11 დღე 18-ის ნაცვლად და 2. ნაკლები თანხა “უაილდ ქარდის” შესანარჩუნებლად.

აგიხსნით, რას ვგულისხმობ. ადრე, მოთამაშისთვის, რომელსაც არ ჰქონდა საკმარისი რეიტინგი გრანპრის ტურნირში მონაწილეობისთვის, ერთადერთი გამოსავალი იყო გრანპრის ორგანიზება და “უაილდ ქარდის” მოპოვება. გრანპრის ორგანიზებისა და პრიზისათვის საჭირო თანხა ძალიან დიდი იყო - დაახლობით 300 000 ევრო და მეტიც. დღეს უფრო მარტივია “უაილდ ქარდის” მოპოვება!

თუმცა, როგორც დასაწყისში ვთქვი, სუსტ არგუმენტებსაც შევეხოთ. 14 მოთამაშე ირჩევა რეიტინგების მიხედვით, 9 - “უაილდ ქარდებით” (65,000 ევროს დაფინანსება გრანპრიზე) და ერთი AჩP ტურის გამარჯვებული. 24-ვე მოჭადრაკე ითამაშებს ოთხ ტურნირს შვეიცარული სისტემით. თითოეულ ტურნირზე მინიმუმი საპრიზო თანხაა 130 000 ევრო, ჯამში კი – 520 000. ასევე, 9ხ65,000 არის 585 000 (“უაილდ ქარდის”). “აგონი” აგროვებს საპრიზო თანხებს, მაგრამ სად არიან ორგანიზატორები?

ტურნირები უკვე გამოცხადებულია და ვიცით, რომ პირველად 2016 წლის ოქტომბერში ჩატარდება. სად? როგორ? არის ბევრი უპასუხო შეკითხვა. ჩემი აზრით, „აგონის“ მიერ შემოთავაზებული იდეა ცუდი არ არის, თუმცა პროფესიონალურად დახვეწა სჭირდება.

- რას ფიქრობთ მსოფლიო ჩემპიონი ჰოუ იფანის კომენტარებზე რომელიც ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ციკლს ეხება?

- არ ვფიქრობ, რომ ეს იდეა ახალია და რომ ჰოუ იფანმა ისეთი რამ თქვა, რაც მე აქამდე არ მითქვამს ფიდეს ლიდერებთან საუბრის დროს. მე მესმის ჰოუ იფანის და მხარს ვუჭერ მას! ის იმსახურებს მეტ პატივისცემას.

- რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის მიერ შემოთავაზებულმა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა ევროპის საჭადრაკო კავშირში. რა კომენტარს გააკეთებთ ამ ფაქტის შესახებ?

- ანდრეი ფილატოვის შემოთავაზება პირველად განხილულ იქნა ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს მიერ მოსკოვში. მაგრამ მოგვიანებით მოხდა ამ შემოთავაზების მოდიფიკაცია. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ანდრეი ფილატოვი არის ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი, რუსეთის ჭადრაკის ფედრაციის პრეზიდენტი, ცნობილი ბიზნესმენი და ჭადრაკის მოყვარული. მან გამოიგონა პროგრამა „ჭადრაკი მუზეუმში“, ხელი შეუწყო მრავალ მაღალი თუ საშუალო რანგის ტურნირს და ორგანიზება გაუკეთა მსოფლიო ჩემპიონატს მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში. ყველა ჩვენგანმა იცის, რომ მას უფლება აქვს განხილვის საგნად აქციოს თავისი შემოთავაზებები. ეს არის დემოკრატია.

მეორეს მხრივ, ევროპის საჭადრაკო ფედერაციას, ფედერაციებს და მოთამაშეებს აქვთ უფლება გამოთქვან საკუთარი აზრი, შეეწინააღმდეგონ ან მხარი დაუჭირონ, რადგან მათ ეხებათ ყველაფერი, რაც ეხება მსოფლიო ჭადრაკს.

პირადად მე, მჯერა, რომ გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის სისტემა საკმაოდ წარმატებული იყო თუ მხედველობაში მივიღებთ მსოფლიო თასს, გრან პრის, კანდიდატებსა და ფინალური მატჩს. ჩვენ უნდა ვეცადოთ ამ სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. გენერალური ასამბლეას ექნება საბოლოო სიტყვას ყოველ შემოთავაზებაზე.

- კიდევ ერთი განხილვის საგანი ის არის, რომ ფიდემ 2015 წელი დეფიციტით დაასრულა.

- ეს რა თქმა უნდა, ყველასთვის სამწუხაროა. როგორც ჩანს, ფიდეს პრობლემები შეექმნა წინასწარ შეთანხმებული გადასახადების მიღებაზე. ამავდროულად, ხარჯები არ კონტროლდებოდა. უკანასკნელ საპრეზიდენტო საბჭოზე, ამ შედეგების წარდგენის დროს, მე და საბჭოს სხვა წევრებმაც, მოვითხოვეთ ფიდეს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, რადგან ისინი ძალიან მაღალია ფედერაციის ბიუჯეტის გათვალისწინებით.

- ბათუმი მზად არის უმასპინძლოს მსოფლიო კადეტების U8, U10 და U12 ჩემპიონატებს 2016 წელს. როგორ მიდის მზადების პროცესი? კიდევ რა ღონისძიებებია დაგეგმილი საქართველოში?

- მე უფრო მეტი შემიძლია გითხრათ პრაღის სამზადისზე, რომელიც ევროპის საჭადრაკო კავშირის ღონისძიებაა და რომლის მონიტორინგი ჩემი უშუალო მოვალეობაა: როგორც ვიცი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ღონისძიებებს ყოველთვის მაღალ დონეზე ატარებდა და დარწმუნებული ვარ, ბათუმიც გაამართლებს ჩვენს მოლოდინს. მე უფრო მეტი ვიცი ევროპის საჭადრაკო კავშირის “ჭადრაკი სკოლაში” კონფერენციის შესახებ, რომელიც ამ წელს უკვე მეორეა და მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატის დროს ჩატარდება, 24-დან 27 ოქტომბრამდე.

მომავალ წელს საქართველო უმასპინძლებს მსოფლიოს თასს, ხოლო 2018 წელს – ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატს, ევროპის ჩემპიონატს ქალთა შორის რაპიდსა და ბლიცში და რაღა თქმა უნდა, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას!

0.167827