კალათბურთი

19:00 | 21.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალბანეთი ესტონეთთან გამოყოჩაღდა

ალბანეთის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტ-2017-ის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქეა, ნიქოზიის ოთხთა ტურნირზე მე-2 მატჩი ჩაატარა და პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, ყოჩაღად გამოიყურებოდა.

შეგახსენებთ, რომ ანტონის კონსტანტინიდესის შეგირდებმა საწყისი თამაში მასპინძელ კვიპროსთან 51:94 დათმეს, გუშინ კი ესტონეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და 64:71 (8:23, 16:18, 22:15, 18:15) დამარცხდნენ.

საინტერესოა, რომ პირველი მეოთხედი ალბანელთათვის კარგს არაფერს მოასწავებდა. მათ ათწუთეული 15 ქულის სხვაობით დათმეს. სამაგიეროდ, მე-2 ტაიმში ალბანეთმა ბალტიისპირელებს 10 ქულით აჯობა და ანგარიშის შელამაზებაც შესძლო.

შეხვედრაში რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ალბანელები ესტონეთს სამქულიანებსა და საჯარიმოებში საგრძნობლად ჩამორჩნენ. კონსტანტინიდესის ბიჭებმა 16-დან ერთადერთი შორეული ტყორცნა და 23-დან 15 საჯარიმო გამოიყეენეს, მეტოქის 6 სამქულიანის და 27 საჯარიმოს პირისპირ. სამაგიეროდ, ალბანეთმა ესტონელებზე ათით მეტი (23:13) ორქულიანი გამოიყენა.

ქართველთა მომავალმა მოწინააღმდეგემ ბალტიისპირელებს მოხსნებში (41:28), ჩაჭრებში (13:6) და დაფარებებში (5:1) საგრძნობლად აჯობა. ისიც ვთქვათ, რომ ალბანელმა კალათბურთელებმა მეტოქის ფარზე ერთბაშად 16 მოხსნა მიითვალეს.

ალბანელთაგან საუკეთესო მძიმე ფორვარდმა გერტი შიმამ ორმაგი დუბლი (14 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულა, უკანახაზელმა ადრიანო ტოპალიმ 13 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა, ცენტრმა ენდრიტ ჰისენაგოლიმ კი 10 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.

ალბანეთის საკალათბურთო ნაკრები ნიქოზიაში დასკვნით მატჩს დღეს ყატარის წინააღმდეგ ჩაატარებს და ვინძლო, მოსამზადებელ ციკლში პირველი გამარჯვებაც იზეიმოს. ცნობისთვის, ყატარი ესტონეთთან 40:84 განადგურდა, კვიპროსთან კი 43:63 წააგო.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2017-ის საკვალიფიკაციო ციკლში ალბანეთის მეტოქეები საქართველო, ჩერნოგორია და ალბანეთი არიან. კონსტანტინიდესის შეგირდები პირველ მატჩს სწორედ თბილისში 31 აგვისტოს ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
1.233607