ამსტერდამის “აიაქსის” მეკარე იესპერ სილესენი კატალონიის “ბარსელონაში” გადადის. როგორც ჰოლანდიური გამოცემა De telegraaf-ი იტყობინება, აღნიშნული ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია და ყველაფერი უახლოეს ხანებში ოფიციალურ სახეს მიიღებს.
წყაროს ცნობით, “ბარსელონა” უკვე შეუთანხმდა ჰოლანდიელ კიპერს პირად კონტრაქტზე, რომელიც 5-წლიანი იქნება, ხოლო ახლა საბოლოო შეთანხმება კლუბებს შორისღა დარჩა მისაღწევი, თუმცა როგორც ირკვევა, მხარეები 14 მილიონ ევროზე მორიგდებიან.
“ბარსას” იესპერ სილესენი ჩილელი კლაუდიო ბრავოს შემცვლელად სჭირდება, რომელიც თავის მხრივ ინგლისურ “მანჩესტერ სიტიში” გადადის. იესპერს “კამპ ნოუზე” გერმანელ მარკ ანდრე ტერ-შტეგენთან მოუწევს კონკურენცია.
იესპერ სილესენი 27 წლისაა და “აიაქსში” 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ჰოლანდიური გრანდის კარი ორჯერ ერედივიონში, სამჯერ კი, ჩემპიონთა ლიგაზე დაიცვა.