ალბანეთის საკალათბურთო ნაკრები, რომელიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, ნიქოზიის ოთხთა ტურნირში ჩაება და კვიპროსის ეროვნულ გუნდთან, რომელიც საშუალო ევროპული დონის ნაკრებსაც კი არ მიეკუთვნება, 51:94 (7:25, 14:25, 9:23, 21:21) განადგურდა.
ანგარიშიდანაც სჩანს, რომ ალბანელებს შანსი არ ჰქონიათ. ნაკრები, რომელსაც კვიპროსელი ანტონის კონსტანტინიდესი წვრთნის, დიდი შესვენებისთვის 21:50 ჩამორჩა და ცხადია, სიტუაციის გამოსწორება ვეღარ მოახერხა.
ალბანელთა რიგებში საუკეთესო 30 წლის მძიმე ფორვარდი გერტი შიმა იყო, რომელმაც 14 ქულა ჩააგდო, 28 წლის ცენტრ (სიმაღლე 210 სმ.) ენდრიტ ჰისენაგოლის კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 10 ქულა, 9 მოხსნა.
დღეს, ალბანეთის საკალათბურთო ნაკრები ესტონეთს ეთამაშება, რომელმაც ყატარი 84:40 დაამარცხა, ხვალ კი, ალბანეთის და ყატარის მატჩში ოთხთა ტურნირის ბოლოადგილოსნის ვინაობა გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2017-ის საკვალიფიკაციო ციკლში ალბანეთის მეტოქეები საქართველო, ჩერნოგორია და ალბანეთი არიან. კონსტანტინიდესის შეგირდები პირველ მატჩს სწორედ თბილისში 31 აგვისტოს ჩაატარებენ.