კალათბურთი

15:45 | 20.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

სლოვაკეთმა დანია და შვეიცარია დაამარცხა

სლოვაკეთის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტ-2017-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, მშობლიურ პრიევიძაში ოთხთა ტურნირი მოითავა და უკმაყოფილო ნამდვილად არ უნდა იყოს. ივან რუდეჟის შეგირდებმა მოლოდინისამებრ უკრაინასთან კი წააგეს, თუმცა, დაახლოებით თავისივე გაქანების დანიას და შვეიცარიას კი აჯობეს.

უკრაინელებთან წაგებაზე უკვე გესაუბრეთ, ახლა კი, სლოვაკების წარმატებულ მატჩებზე ვთქვათ. დანიასთან შეხვედრის ბოლო მეოთხედის წინ, მასპინძლები მხოლოდ ქულას იგებდნენ, თუმცა, გადამწყვეტი წუთები დამაჯერებლად ჩაატარეს და 80:72 (17:21, 24:10, 14:23, 25:18) მოიგეს.

სლოვაკებს 29 ქულით “კოშიცეს” 28 წლის ცენტრმა მიხალ ბატკამ (სიმაღლე 204 სმ.) ულიდერა, ბრატისლავის “ინტერის” 33 წლის უკანახაზელმა ნენად მილოშევიჩმა 12 ქულა ჩააგდო, ხოლო “კოშიცეს” კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, 27 წლის ფორვარდმა სტანისლავ ბალდოვსკიმ – 10.

სლოვაკებმა შედარებით იოლად იმარჯვეს შვეიცარიასთან, რომელმაც პრევიძაში სამივე მატჩი დათმო. რუდეჟის ბიჭებმა პირველი ტაიმი 13 ქულის სხვაობით მოიგეს და უპირატესობის შენარჩუნება აღარ გასჭირვებიათ – 88:78 (25:23, 29:18, 20:23, 14:14).

ამ მატჩში მასპინძელთაგან საუკეთესო “კოშიცეს” 27 წლის მცველი მილან ზიაკი იყო, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო. 17 ქულა მიითვალა “ინტერის” 29 წლის ფორვარდმა მარტინ ბილიკმა, ხსენებული ბატკა კი ამჯერად 14 ქულას დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სლოვაკეთის მეტოქეები საქართველო, ჩერნოგორია და ალბანეთი იქნებიან. სლოვაკები F ჯგუფში პირველ მატჩს 31 აგვისტოს სტუმრად ჩერნოგორიასთან გამართავენ, 3 სექტემბერს კი ბრატისლავაში საქართველოს დაუხვდებიან.

0.12958