კალათბურთი

14:47 | 20.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩერნოგორიელთა პირველი მარცხი

ჩერნოგორიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს უმთავრესი მეტოქეა, მოსამზადებელ ციკლში პირველი მარცხი განიცადა.

შეგახსენებთ, რომ ბოგდან ტანიევიჩის შეგირდები სკოპიეს სტუმრობდნენ, სადაც ოთხთა ტურნირში მეტოქეებად მასპინძელი მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და ბელგია ჰყავდათ.

ჩერნოგორია სკოპიეში ისე ჩავიდა, რომ ზურგს ზედიზედ 5 გამარჯვება (3 უნგრეთთან და 2 შვეიცარიასთან) უმაგრებდა და იქაც წარმატებული სტარტი აიღო. ტანიევიჩის ბიჭებმა რომ მაკედონიას 77:73 სძლიეს, ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, მე-2 ტურში კი მათი მსხვერპლი ბოსნია-ჰერცეგოვინა შეიქმნა – 78:68.

უკვე ტრადიციულად, ამ მატჩშიც ჩერნოგორიელთაგან საუკეთესო ნიკოლა ვუჩევიჩი იყო 15 ქულით, 5 მოხსნით და 5 პასით, ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა დერიკ ნიდამმა 13 ქულა ჩააგდო, ვლადიმირ დაშიჩის მონაგარი კი 10 ქულა იყო.

ჩერნოგორიელებს დასკვნითი შეხვედრა ბელგიასთან ჰქონდათ, რომელმაც მანამდე ბოსნია-ჰერცეგოვინას 73:67 სძლია, მაკედონიასთან კი 67:72 დამარცხდა. ქართველთა მომავალმა მეტოქემ პირველად სწორედ ამ შეხვედრაში წაიფორხილა.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და ბელგიამ ოვერტაიმში 87:81 იმარჯვა. ვუჩევიჩთან ერთად, ამჯერად ბოიან დუბლევიჩი (აქვე ვთქვათ, რომ ტურნირზე ჩერნოგორიელთაგან საუკეთესოდ სწორედ დუბლევიჩი დასახელდა) გამოირჩა და ამ კალათბურთელებმა 16-16 ქულა მიითვალეს. ნიკოლა ივანოვიჩის მონაგარი 11 ქულა იყო, ნიდამს კი ამჯერად, თამაში არ წაუვიდა და 25:39 წუთში მხოლოდ ოთხ ქულას დასჯერდა.

საბოლოოდ, ჩერნოგორიას და ბელგიას შეჯიბრზე ორ-ორი მოგება მოუგროვდათ და ყველაფერი ურთიერთშეხვედრამ გადაწვყიტა. სკოპიეს ტურნირის გამარჯვებულად ბელგია გამოცხადდა, ჩერნოგორია მე-2 იყო, მაკედონიამ და ბოსნია-ჰერცეგოვინამ კი თამაში თითო-თითო გამარჯვებით დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ მაკედონიის ტურნირში მონაწილეობა არ მიუღიათ ძმებს სუად და სეად სეჰოვიჩებს (ორივე პოდგორიცას “ბუდუჩნოსტში” ირიცხება), რომელთაც ჩერნოგორიის ნაკრებში საკმაოდ დიდი როლი აკისრიათ. უკვე გადაწყვეტილია, რომ ტრავმის გამო, სეადი საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ ითამაშებს, სუადის ბედი კი უახლოეს პერიოდში უნდა გაირკვეს.

ტანიევიჩმა სწორედ დღე-დღეზე უნდა დაასახელოს 14-კაციანი შემადგენლობა, რომელიც მზადების დასკვნით ეტაპზე გადავა. ჩერნოგორიელებს საკვალიფიკაციო მატჩების წინ, ბოლო გამოცდა 27 აგვისტოს ელით. ისინი სლოვენიაში ჩავლენ და იქაურ ნაკრებს გაეჯიბრებიან, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი წვრთნის.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2017-ის შესარჩევ ჯგუფში, ჩერნოგორია საქართველოს ნაკრების უმთავრესი მეტოქეა, ჩვენთვის საინტერესო შესარჩევ ჯგუფში კი სლოვაკეთი და ალბანეთიც ითამაშებენ.

ჩერნოგორიელები F ჯგუფის თამაშებს 31 აგვისტოს გახსნიან, როდესაც პოდგორიცაში სლოვაკებს დაუხვდებიან, 7 სექტემბერს ტანიევიჩის შეგირდები თბილისს ესტუმრებიან, 17-ში კი, საკვალიფიკაციო რაუნდის დასკვნით ტურში, ჩერნოგორია ქართველებს საზღვაო კურორტ ბარში მიიღებს.

0.148979