საქართველოს XXVIII ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებების დაწყებასთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოს პირველი ლიგის გუნდებს თამაშის წესებში შეტანილი ცვლილებები გააცნეს.
ტყიბულის, თერჯოლის, ვანის, ხონის, ჭიათურის, წყალტუბოს, ხობის, ზუგდიდის და წალენჯიხის გუნდების წარმომადგენლებს სიახლეები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის წევრმა და ამავე დროს იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი კიკაჩეიშვილმა გააცნო.
ახალი რეგულაციები ძირითადად თამაშგარე მდგომარეობის განსაზღვრას, ბოლო იმედის ჯარიმას, წითელი და ყვითელი ბარათების ჩვენებას, თერთმეტმეტრიანების შესრულებას, საფეხბურთო მატჩის ოქმში შეყვანილი ოფიციალური პირების ქცევის წესებსა და შესაბამისად მათ დასჯას შეეხება.
,,თამაშის მსვლელობაში გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ფეხბურთელები და გუნდების წარმომადგენლები იცნობდნენ ფეხბურთის წესებში განხორციელებულ ცვლილებებს, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ კონფლიქტური სიტუაცია არ შეიქმნას მსაჯებთან დამოკიდებულებაში მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ” _ აღნიშნა გიორგი კიკაჩეიშვილმა.
FIFA -სა და საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო კავშირის მიერ დამტკიცებული ფეხბურთის წესების ცვლილებები საქართველოში 2016 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა.
იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური





