ჯერ მხოლოდ 25 წლისაა, მაგრამ უკვე იმდენი ძვირფასი ჯილდო მოაგროვა, ბევრ ვეტერან ტიტულოვან სპორტსმენსაც შეშურდება. 25 წლის თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონისა და მსოფლიო რეიტინგის ლიდერის რანგში ჩავიდა. ფავორიტის შემჩერებელი "კარიოკა 2”-ის არენაზე არავინ გამოჩნდა. ხინჩეგაშვილმა ოთხი გამარჯვება მოიპოვა და ოლიმპიური პოდიუმის უმაღლესი საფეხურიც დაიპყრო. საქართველოს ჰიმნი კი მიმდინარე ოლიმპიადაზე მეორედ აჟღერდა. შესაბაამისად, ცნობილი დევიზი – "უკეთ ვიდრე წინა ოლიმპიადაზე”, ვადაზე ადრეა შესრულებული. ლონდონი 2012-ზე ქართველების ანგარიშზე 1 ოქრო და 3-3 ვერცხლი და ბრინჯაო იყო. რიოში კი ქართულ ყულაბაში უკვე 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოა.
დაჯილდოვების ცერემონიალიდან ინტერვიუს ზონაში შემოსულ ქართველ ჩემპიონს მისალოცად ლამის მთელი ქართული დელეგაცია შემოჰყვა. ყველამ გადაიღო მასთან ერთად ან მისი მედლით სამახსოვრო ფოტო, ყველამ აუხსნა პატივისცემა და სიყვარული და როდესაც სპორტსმენმა კომენტარის გასაკეთებლად მოიცალა, მიქს ზონაში უკვე შემდეგი წონითი კატეგორიის პრიზიორები გამოდიოდნენ.
ხინჩეგაშვილს "მსოფლიო სპორტმა” რამდენიმე შეკითხვა უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად დაუსვა და ამ ერთობლივ ინტერვიუს აქვე გაგაცნობთ:
- აქამდე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი იყავით. დღეს კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდით და ოქროს სრული კოლექციაც შეკარით. რას ნიშნავს ეს გამარჯვება თქვენთვის?
- უპირველეს ყოვლისა, მიზნის მიღწევას და ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უმთავრესი ნაბიჯის გადადგმას.
- საქართველოს ასევე დიდი წარმატებები აქვს ძიუდოშიც. რატომ აირჩიეთ თავის დროზე ჭიდაობა და არა ძიუდო?
- მოჭიდავე ოჯახური ტრადიციების გამო გავხდი. მამაჩემი ჭიდაობდა და ძალიან კარგადაც. ის იყო ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი და იქამდე გარდაიცვალა, სანამ მე ამ საქმეს ავირჩევდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მამა ვასახელე.
- იაპონელი რეი ჰიგუჩის წინააღმდეგ გამართულ ფინალს როგორ შეაფასებთ?
- ძალიან ძლიერი მოჭიდავეა და ჩემი აზრით ბევრ ტიტულს მოიპოვებს.
- იცნობდით მას?
- აქამდე ერთხელაც არ ვიყავით შეხვედრილები.
- ალბათ მის ფინალში გასვლას არც ელოდით...
- თვალს ვადევნებდი ჩემს სავარაუდო კონკურენტების ჭიდაობებს და ამ იაპონელმა ისეთი უძლიერესი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, ნამდვილად არ გამკვირვებია მისი ფინალისტობა.
- ჯერ კიდევ შეჯიბრების დაწყებამდე ვის მიიჩნევდით მთავარ კონკურენტად?
- კენჭისყრას რომ გადავხედე, ვიფიქრე, რომ ჩემს ჯგუფში ყველაზე ძლიერი მეტოქე აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი იქნებოდა. სატურნირო ბადის მეორე მხრიდან კი ფინალში ყველაზე მეტად ირანელ ჰასან რაჰიმს ველოდი.
- სულ რამდენიმე დღის წინ, ოლიმპიადის საშეჯიბრო განაცხადში დააბრუნეს რუსი ვიქტორ ლებედევი, რომელსაც რიო 2016 ძველი დოპინგსკანდალის გამო უნდა გამოეტოვებინა. მისი გამოჩენა დამატებითი ტვირთი ხომ არ იყო თქვენი ოლიმპიური გეგმის შესასრულებლად?
- ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთი იყო, იჭიდავებდა ლებედევი ოლიმპიადაზე თუ არა. მე უმაღლესი მიზნისთვის უნდა მებრძოლა და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვისთან მომიწევდა დაპირისპირება.
- საწყისი ეტაპიდან ფინალის ჩათვლით, ყველა შეხვედრა დრამატულ ბრძოლაში მოიგეთ. მაქსიმალურად ფრთხილობდით და პატარა რისკსაც ერიდებოდით. ეს ტაქტიკური ჩანაფიქრი ხომ არ იყო?
- ძალიან ბევრი დავიკელი, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. ჩემს ვცდილობდი, ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები შეხვედრის პირველიდან ბოლო წამამდე თანაბრად გადამენაწილებინა. შეიძლება გულშემატკივრები მართლა ძალიან ვანერვიულე, მაგრამ მთავარია, რომ ახლა ისინი ჩემი წარმატებით გახარებულები არიან.
- ოთხი წლის წინ, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზეც გახვედით ფინალში და ჩემპიონობასაც ალალად იმსახურებდი, მაგრამ ტიტული არაობიექტური მსაჯობის გამო დაკარგეთ...
- სპორტია და ყველაფერი ხდება. ხან წააგებ, ხანაც დაიჩაგრები. ის ფინალი არც გამხსენებია. მთავარი ამ მომენტში ჩემი შესაძლებლობის ბოლომდე გამოვლენა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოგება იყო.
ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში