ფეხბურთი

22:58 | 19.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავას ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს: “ამ ეტაპზე სათამაშოდ მზად არ ვარ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ავსტრიასთან 5 სექტემბერს გასამართი მატჩისთვის ჯაბა კანკავა ვერ გამოიძახა. “ვერ” იმიტომ, რომ “რეიმსის” ქართველ საყრდენი დატვირთვით ვერ ვარჯიშობს და ბუნებრივია, ვერც სათამაშოდ არის მზად. worldsport.ge საფრანგეთში დაუკავშირდა ჯაბას:

კანკავა: - მინდა დავაფიქსირო, რომ ჯანმრთელობის პრობლემა მაწუხებს და სრული დატვირთვითაც ვერ ვვარჯიშობ. დაკონკრეტება არ მსურს, ისე კი გეტყვით, რომ პრობლემა გამოსწორებადია. რეიმსში ვარ, ოღონდ ინდივიდუალურად ვემზადები. ბურთითაც შეიძლება ვარჯიში, მაგრამ დატვირთვით არა.

-ეს პრობლემა გაწუხებდა მაისის მიწურულსა და ივნისის დასაწყისშიც, როცა ნაკრებში ვერ ითამაშე?

-დიახ, ანალოგიური პრობლემა იყო. მინდა დავადასტურო, რომ არანაირი კონფლიქტი, ან ამის მსგავსი არაა ჩემსა და ვლადიმირ ვაისს შორის. პირიქით.

- გავრცელდა ცნობა, კანკავათი ფრანგული ”ნიცაა” დაინტერესებული და ტრანსფერი რეალურიაო. რას გვეტყვი ამის შესახებ?

- ინტერესი ნამდვილად არის, მოლაპარაკებაც შედგა “რეიმსსა” და “ნიცას” შორის. იჯარაზე ვერ შეთანხმდნენ კლუბები, მაგრამ შესაძლოა, კიდევ დაიწყოს მოლაპარაკება. სხვა გუნდებისგანაც იყო დაინტერესება, თუმცა ვნახოთ, ჯერ ასე რეალური არაფერია.

- “რეიმსს” არ სურს შენი გაყიდვა ან განათხოვრება?

სურს, რომ სარფიანად გამყიდოს, რადგან შარშან საკმაო თანხა გადაიხადა ჩემში. ანუ, “რეიმსს” იაფად არ სურს ჩემი გასხვისება. ჯერჯერობით კი, “რეიმსთან” კონტრაქტი მაკავშირებს.

- შენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე როდის იქნება სიახლე?

- დაახლოებით ერთ კვირაში, ან ათ დღეში.

- საწყენია, რომ ავსტრიასთან მნიშვნელოვანი მატჩი გიცდება... რას იტყვი ნაკრებზე, რამდენად იმედიანად უყურებ შესარჩევს?

- ესპანეთთან მოგებამ ოპტიმიზმი გააჩინა, გამოჩნდა დადებითი მხარეები და ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება შესაძლებელია. ვაისზეც ვიტყვი, რომ კარგი მწვრთნელია, მონდომებულიც არის და საერთოდ, დადებითი პიროვნებაა.

0.125538