საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის საკვალიფიკაციო ტურნირი 9-16 ადგილებისთვის. მას შემდეგ, რაც ჯგუფიდან ვერ გავიდა, ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდი ნახსენები ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო და პირველივე მეტოქეს იოლად სძლია.
ქართველებმა რუმინეთის ნაკრებს 87:79 მოუგეს და ცხადყვეს, რომ 12-ზე დაბალ ადგილს აღარ დაიკავებენ, ხოლო მაქსიმუმი, მე-9 ადგილი იქნება. ქართველების მორიგი მეტოქე პორტუგალიაა, რომლის დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.
რაც შეეხება რუმინეთთან მატჩს, 8 ქულით მოგებულ მატჩში 37 ქულით, 7 პასით და 6 ჩაჭრით ოთარ პერტაია გამოირჩა. შედეგიანობის მხრივ, მომდევნო მოთამაშე აბელ ნარსიაა, რომელმაც 16 წუთში 9 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. 13 ქულით დაასრულა შეხვედრა გიორგი კვაჭანტირაძემ, ხოლო ირაკლი სულხანიშვილის ანგარიშზე 10 ქულა, 4 პასი და 4 ჩაჭრა დაგროვდა.
საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 19 აგვისტოს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. პარალელურ წყვილში ჰოლანდია და სლოვაკეთი დაუპირისპირდებიან.
ევროპის U16 ჩემპიონატი. სოფია. ბულგარეთი. 18 აგვისტო
რუმინეთი 79:87 საქართველო
www.gbf.ge