ჭიდაობა

10:21 | 19.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიაში თავისუფლების დღეები იწყება

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე სამი დღე რჩება და ამ სამ დღეს ქართველები დიდი იმედით ველით - დღეიდან 21 აგვისტოს ჩათვლით, კარიოკა 2-ის არენა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ.

დღეს მედლები 57 და 74 კილოგრამ წონით კატეგორიებში უნდა გათამაშდეს. საქართველოს ნაკრების წევრთაგან კი საქმეში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ) და იაკობ მაქარაშვილი (74 კგ) ჩაებმებიან. ხვალ იჭიდავებენ: სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ), ხოლო ზეგ – ზურაბ იაკობაშვილი (65 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (98 კგ).

დღევანდელი წონითი კატეგორიების წილისყრა გუშინ გაიმართა და გაირკვა, რომ ორივე ჩვენებური, საქმეში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაებმება.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბრაზილიაში ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში იჭიდავებს და ცხადია, ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტიცაა. წინა ოლიმპიადაზე ქართველმა მსუბუქწონოსანმა ფინალში იჭიდავა და პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა.

აქვე ერთი საინტერესო ამბავიც - ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ 57 კილოგრამში მოჭიდავე მსოფლიოს 2-გზის (2010, 2011) ჩემპიონი, რუსეთის ნაკრების წევრი ვიქტორ ლებედევი წლების წინანდელი დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო რიოს ოლიმპიადიდან მოკვეთეს. სულ რამდენიმე დღის წინ კი ბრაზილიურ განაცხადში ისევ დააბრუნეს. ასე რომ, ხინჩეგაშვილს ლებედევის სახით ერთი ძლიერი კონკურენტი დაემატა, თუმცა ისინი სატურნირო ბადეში სხვადასხვა მხარეს მოხვდნენ და მათი გზები ერთმანეთს ფინალამდე არ კვეთს.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიადას ყაზახ ნურისლამ სანაიევთან დაჭიდებით გახსნის. იაკობ მაქარაშვილის პირველი მეტოქე კი ბულგარელი გეორგი ივანოვი იქნება.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათიდან დაიწყება.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121756