ჯანო ანანიძეს მოსკოვის “სპარტაკში” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. როგორც “სახალხო გუნდის” ვებგვერდი ოფიციალურად გვამცნობს, ამიერიდან კლუბს იტალიელი მასიმო კარერა გაწვრთნის, რომელმაც დმიტრი ალენიჩევი შეცვალა. სხვათა შორის, კარერა “სპარტაკში” ერთი თვის წინ, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მივიდა, თუმცა თავიდან ალენიჩევის ასისტენტი იყო, ხოლო მისი გუნდიდან წასვლის მერე მთავარ მწვრთნელად დროებით მუშაობდა.
ახლა კი, “სპარტაკის” დირექტორატთა საბჭოს გადაწყვეტილებით, სეზონის ბოლომდე იგი უხელმძღვანელებს გუნდს. არადა, მოსკოვურ კლუბში თითქმის გადაწყვეტილი იყო “როსტოვიდან” წასული ყურბან ბერდიევის მისვლა, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლო მომენტში ყველაფერი შეიცვალა.
მასიმო კარერას აქამდე მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება არ გააჩნია. იგი ანტონიო კონტეს ასისტენტი გახლდათ 2011-2014 წლებში ტურინის “იუვენტუსში”, ხოლო 2014 წლიდან ივლისამდე უკვე იტალიის ეროვნულ ნაკრებში.