ქართველმა მოჭადრაკე ირაკლი ბერაძემ (2440) ინდოეთის ქალაქ ბუბანეშვარში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორა.
ირაკლიმ გასულ სამ ტურში 2.5 ქულა აიღო, რისი წყალობითაც 6.0 ქულა მოაგროვა და 80 მონაწილეს შორის, დამატებითი მაჩვენებლებით, მე-10 ადგილზეა.
ბერაძე მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩება მე-3 პოზიციზე მყოფ ჩინელ იინგლუნ ქსუს (2516), პირველ-მეორე ადგილებზე კი ამერიკელი ჯეფრი ქსიონგი (2633, 7.5 ქულა) და პოლონელი გჟეგოჟ ნასუტა (2442, 7.0 ქულა) იმყოფებიან.
მე-10 ტურში ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით რუს ვლადისლავ არტემიევს (2665) ეთამაშება, რომელსაც ტურნირზე პირველი განთესვა გააჩნია, თუმცა, ჯერჯერობით, 6.5 ქულით მე-4 ადგილზეა.
სამწუხაროდ, ნაკლები წარმატებით ასპარეზობს მარიამ ჭოლაძე (2077), რომელსაც 9 ტურის თავზე მხოლოდ 3.0 ქულა აქვს და 57 მონაწილეს შორის 51-ე საფეხურზეა. ჭოლაძის შემდეგი მოწინააღმდეგე ყაზახი დილარა ალბეკოვა (1732) იქნება.
ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი ცამეტ ტურად მიმდინარეობს და 22 აგვისტომდე გაგრძელდება.