ფეხბურთი

2:34 | 18.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა, პლეი-ოფი: ინტრიგა მხოლოდ "ოლიმპიკოზე" თუ იქნება (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში დღეს მორიგი ხუთი შეხვედრა გაიმართა. პორტუში ადგილობრივი გუნდი და იტალიური „რომა“ დაზავდნენ, ფრანგულმა „მონაკომ“ კი, ესპანეთში „ვილიარეალს“ აჯობა და ჯგუფური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

გულშემატკივარმა „პორტუსა“ და „რომას“ მატჩში ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ 45 წუთში სტუმრები მეტოქეს ერთი თავით აღემატებოდნენ და სახიფათო იერიში არაერთხელ მიიტანეს იკერ კასილიასის კართან. პორტუგალიელთა საბედნიეროდ, ვეტერანი ესპანელი საოცრებებს სჩადიოდა, განსაკუთრებით ერთ ეპიზოდში გამოირჩა, როდესაც ზედიზედ სამი რთული დარტყმა უკუაგდო. ისე უნდა ითქვას, რომ დასაწყისში იკერიც უხეშად შეცდა, თუმცა ედინ ჯეკომ საჩუქარი ვერ შეირგო. მიუხედავად ამისა, „მგლები“ 21-ე წუთზე მაინც დაწინაურდნენ. მასპინძელმა ფელიპემ საკუთარი კარი აიღო. ტაიმის ბოლოს კი ტომას ვერმაელენი გააძევა მსაჯმა და ყველაფერი შეიცვალა. „პორტუმ“ მეორე ნახევარში მეტოქე აშკარად დაჩაგრა, მაგრამ ოდენ კინკილა გოლს გამორჩა და ერთი კვირის თავზე რომში ყველაფერი თავიდან დაიწყება.

„ელ მადრიგალზე“ მოგება ადვილი არაა, თუმცა „მონაკომ“ ამის გაკეთება მაინც მოახერხა. ფრანგებმა მატჩის დასაწყისსა და დასასრულში შეაგდეს ორი გოლი, რაც მოსაგებად ეყოთ. „ვილიარეალმა“ ერთი ხანობა წონასწორობა აღადგინა. „ყვითელი სუმბარინას“ რიგებში დებიუტი გოლით აღნიშნა ბრაზილიელმა ალეშანდრე პატომ.

დარჩენილი სამი წყვილი ამ ორი თამაშის ფონზე ჩრდილში იყო მოქცეული და საპასუხო მატჩების წინ ინტრიგა თითქმის აღარცერთს შემორჩა. ირლანდიის ჩემპიონმა „დანდალკმა“ მორიგი სასწაული ვერ შემოგვთავაზა და შინ უშანსოდ წააგო ვარშავის „ლეგიასთან“ – 0:2. ასეთივე ანგარიშით მოიგო ბულგარულმა „ლუდოგორეცმა“ ჩეხეთის ჩემპიონ „პლზენთან“ ოღონდ საკუთარ მოედანზე. და მაინც, ძნელი წარმოსადგენია ბულგარელებმა მიღებული ფორა გაანიავონ.

გლაზოგს „სელტიკმა“ კი, ბეერ შევას „ჰაპოელს“ „სელტიკ პარკზე“ დიდი ანგარიშით მოუგო - 5:2. ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა, როდესაც სქოთებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. თუმცა, მეორე ტაიმის საწყის 12 წუთში ისრაელის ჩემპიონმა ჩამორჩენის მინიმუმადე დაყვანა შეძლო, მაგრამ მერე თამაშის სადავეები ისევ გაექცა, რითაც ბრენდან როჯერსის გუნდმა ჩინებულად ისარგებლა და სამბურთიანი სხვაობით მოუწევს ისრაელში ჩასვლა.

„პორტუ“ – „რომა“ 1:1 (0:1) მიმოხილვა

გოლები: 0:1 ფელიპე (21, ა.გ), 1:1 ანდრე სილვა (61, პენ)

„დანდალკი“ – „ლეგია“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ნიკოლიჩი (56, პენ), 0:2 პრიოვიჩი (90)

„ვილიარეალი“ – „მონაკო“ 1:2 (1:1) მიმოხილვა

გოლები: 0:1 ფაბინიო (3, პენ), 1:1 პატო (36), 1:2 ბერნარდო სილვა (72)

„ლუდოგორეცი“ – „პლზენი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 მოტი (51, პენ), 2:0 მისიდიანი (64)

„სელტიკი“ – „ჰაპოელი“ 5:2 (3:0) მიმოხილვა

გოლები: 1:0 როგიჩი (9), 2:0 გრიფიტსი (39), 3:0 გრიფიტსი (45), 3:1 მარანაო (55), 3:2 მელიკსონი (57), 4:2 დემბელე (73), 5:2 ბრაუნი (86)

0.201625