უეფას თასზე წარმატებული სტარტი აიღო ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა თსუ-მ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა გასულ თვეში საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა, დღეს კი ევროტურნირზე მოსინჯა ძალები.
თსუ ფუტსალში უეფას ჩემპიონთა თასზე ასპარეზობს, თუმცა ამ წარმომადგენლობითი ტურნირის ძირითად ეტაპზე რომ მოხვდნენ, სტუდენტებმა საკვალიფიკაციო ჯგუფში უნდა იმარჯვოს. გათამაშების ფორმატის თანახმად, ჩემპიონთა თასი 4 ეტაპად იყოფა: წინასწარი (რომელშიც თსუ ასპარეზობს), ძირითადი, „ელიტ 12“ და ფინალური.
წინასწარ ეტაპზე 8 ოთხგუნდა ჯგუფია შექმნილი, რომელთა გამარჯვებულებიც (შესაბამისად 8 გუნდი) ძირითად ეტაპე გავლენ, სადაც რეიტინგით უფრო მაღლა მყოფი გუნდები უკვე გასულნი არიან. თსუ მოხვდა ჯგუფში, რომელიც ფინეთის ქალაქი ილივიესკა მასპინძლობს. ჯგუფში თავმოყრილნი არიან - თსუ, „სიევი” (ფინეთი), „ვალეტა“ (მალტა) და „უატსელი“ (შოტლანდია).
ქართველების პირველი მეტოქე შოტლანდიური გუნდი გახლდათ, რომელსაც სტუდენტებმა 8 ბურთის სხვაობით – 12:4 სძლიეს. თბილისელთაგან ლაშა სიგუნავა გამოირჩა, რომელმაც ბრიტანელებს 3 გოლი შეუგდო. 2 გოლი გაიტანა არჩილ სებისკვერაძემ.
ხვალ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი მალტურ „ვალეტას“ შეხვდება, რომელიც დღეს მასპინძელთა გუნდ „სიევისთან“ 3:7 დამარცხა.
ავთანდილ ასათიანი (თსუ-ს მთავარი მწვრთნელი): “აუცილებელი იყო ამ მატჩის მოგება, რადგან გათამაშების ფორმატი არ გვაძლევს წაფორხილების უფლებას. მომდევნო ეტაპზე 4-დან მხოლოდ 1 გუნდი გადის და ამიტომ, ყველა თამაშში საჭიროა მოგება, თანაც სოლიდური სხვაობით. მეორე ტაიმში შეცდომები დავუშვით და 4 გოლი გავუშვით, თუმცა საბოლოოდ მაინც საკმაოდ დიდი სხვაობით – 8 ბურთით მოვიგეთ.
მომდევნო მატჩს 18 აგვისტოს გავმართავთ და ჩვენი მეტოქე საკმაოდ ძლიერი მალტის გუნდი იქნება, რომელიც ერთ-ერთი ფავორიტია. მალტელებს ბრაზილიელი და ესპანელი ლეგიონერები ჰყავთ და საკმაოდ რთული ბრძოლა გველის. აკლიმატიზაცია წარმატებით გავიარეთ და ვემზადებით ხვალინდელი შეხვედრისთვის”.