ქართველი ქომაგების გულში ძალოსნების ტრიუმფალური გამოსვლით გამოწვეული სიხარული არ განელებულა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე სიურპრიზი შემოგვთავაზა კანოეთი შეჯიბრის მონაწილე ზაზა ნადირაძე. ის 200 მეტრზე გაცურვის ფინალში (8 მონაწილე) გავიდა და თანაც, ნახევარფინალებში მე-4 (!) შედეგი აჩვენა.
აღნიშნული დისციპლინის კვალიფიკაციაში 25 სპორტსმენი ჩაება, რომლებიც ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ. ნახევარფინალში ჯგუფების ხუთ-ხუთი საუკეთესო და ერთიც საუკეთესო მეექვსეადგილოსანი გადიოდა.
22 წლის მცხეთელი ზაზა ნადირაძე პირველ “ჰითში” მოხვდა და დისტანცია 41.423 წამში დაფარა. აღნიშნული შედეგით ქართველი მხოლოდ ესპანელ, მოლდოველ და უკრაინელ მეტოქეებს ჩამორჩა, შესაბამისად, მე-4 ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში უპრობლემოდ გააღწია.
ცხადია, ფინალის საგზურისთვის გაცილებით დიდი ბრძოლა იყო მოსალოდნელი. ნახევარფინალში გასული 21 მონაწილე სამ გაცურვაში გადანაწილდა. მათგან ფინალში ორ-ორი საუკეთესო გადიოდა, ორი გამორჩეულიც კი დანარჩენთაგან, ნაჩვენები დროის მიხედვით უნდა არჩეულიყო.
ნადირაძე ურთულეს ჯგუფში მოხვდა, სადაც ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონებიც იმყოფებოდნენ და მათ შორის პირველი (!) ადგილი დაიკავა. ზაზამ 200 მეტრი 40.146 წამში დაფარა და უკან აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უკრაინელი, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი ვალენტინ დემიანენკო და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, უკრაინელი იური ჩებანი მოიტოვა.
სამივე ნახევარფინალის ჯამში ქართველმა სპორტსმენმა მე-4 შედეგი აჩვენა და მხოლოდ ბრაზილიელ, ესპანელ და ჩინელ მოწინააღმდეგეებს ჩამორჩა, რაც გადამწყვეტი გაცურვის წინ იმედიანად აღგვავსებს. ფინალი 18 აგვისტოს თბილისის დროით 16:16 საათზე გახლავთ დაგეგმილი და მასში მონაწილეობას 8 საუკეთესო მიიღებს.
ესენი ზაზა ნადირაძე (საქართველო), ლი ქიანგი (ჩინეთი), ალფონსო ბენავიდეს ლოპეს დე აიალა (ესპანეთი), ტომას სიმარი (საფრანგეთი), ისაქუიას ქუეიროს დოს სანტოსი (ბრაზილია), ანდრეი კრაიტორი (რუსეთი), ვალენტინ დემიანენკო (აზერბაიჯანი) და მარტინ ფუკსა (ჩეხეთი) არიან.