საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე (B დივიზიონი) ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშა და თავიდან ბოლომდე თანაბარ მატჩში 2 ქულის სხვაობით დამარცხდა. წაგება გულდასაწყვეტია, მითუმეტეს, რომ მოგება ძალიან რეალური იყო.
თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ 16-წლამდელებისთვის სადღეისოდ მთავარი გამოცდილების მიღებაა. ჩეხეთის დარ გუნდებთან, დაძაბული ბრძოლა ჩვენი კალათბურთელებისთვის ძალიან სასარგებლოა.
ქართველ კადეტებს ოთხი მატჩის შემდეგ ერთი მოგება აქვთ და ვეღარ დაეწევიან სამ-სამი გამარჯვების მქონე სლოვაკეთს, ბელგიას და ჩეხეთს. ექვსგუნდიანი ჯგუფიდან კი ჩემპიონობისთვის ბრძოლას მხოლოდ ორი განაგრძობს. შესაბამისად, ჩვენს გუნდს ჯგუფური ეტაპის შემდეგ საკლასიფიკაციო მატჩებში მოუწევს თამაში.
ჩეხეთთან მოგება შეიძლებდა. ამის დასტურად ერთ სტატისტიკურ მონაცემს შემოგთავაზებთ. საქართველოს ნაკრებმა 24 საჯარიმო სტყორცნა და მხოლოდ 12 ჩააგდო... 50-პროცენტიანი სიზუსტით სამქულიანების სროლაა კარგი მაჩვენებელი, თორემ, საჯარიმოები 60 პროცენტზე ქვემოთ უკვე ცუდი შედეგია. მითუმეტეს ასეთ დაძაბულ მატჩში.
სამქულიანები ვახსენეთ და როგორ შეიძლება ოთარ პერტაიას ავუაროთ გვერდი. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 39:37 წუთი ითამაშა, 6 სამქულიანი სტყორცნა და 5 ჩააგდო. მშვენიერი შედეგია. ამას ოთარმა 5 ორქულიანი, 3 საჯარიმო მიამატა და 28 ქულამდე ავიდა. მატჩისა და საქართველოს ნაკრების ვიცე-ბომბარდირი ბუბუ ჟღენტი გახდა, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო.
ჯგუფის ბოლო მატჩს ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი ნაკრები დღეს სლოვაკეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 14:45 საათზე დაიწყება.
ევროპის U16 ჩემპიონატი. B დივიზიონი. სოფია. ბულგარეთი. 15 აგვისტო
საქართველო – ჩეხეთი 70:72 (22:21, 15:14, 17:20, 16:17)
საქართველო: პერტაია (28ქ, 7მ, 5პ), ანდრონიკაშვილი (4ქ, 3პ), ჭეიშვილი (3პ), ჟღენტი (18ქ), თორთლაძე (2ქ), ცარციძე, გოგიტაშილი, ისრაელიანი, ნარსია (5ქ), სულხანიშვილი (3ქ), კვაჭანტირაძე (8ქ, 5მ), მიქელაძე (2ქ).
www.gbf.ge