საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი აბურჯანია მოლოდინის რეჟიმშია. როგორც WORLDSPORT.GE-სთვის გახდა ცნობილი, 21 წლის ქართველი ნახევარმცველი თურქეთში იმყოფება, სადაც ესპანეთში სამუშაო ვიზას ელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება “სევილიას” კონტრაქტის დარეგისტრირება.
ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი უახლოეს ხანში უნდა მოგვარდეს და აბურჯანიას სატრანსფერო საგასაც წერტილი დაესმება.
შეგახსენებთ, გიორგიმ გასული სეზონის მეორე ნახევარი ტარაგონას “ხიმნასტიკში” გაატარა და შესაბამისად, ესპანეთში სამუშაო ვიზაც ჰქონდა, მაგრამ როგორც გაირკვა, ახალ გუნდში გადასვლისას, სამუშაო ვიზა თავიდან უნდა გაიცეს.
იმავე მიზეზით ამ ზაფხულს “სევილიას” ბრაზილიელი განსოს კონტრაქტის დარეგისტრირებაც გაეწელა, თუმცა ბრაზილიელის საკითხი უკვე მოგვარდა და ის “დალაქებს” შეუერთდა.