სხვა

10:24 | 15.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ძალოსნობის ისტორიული დღე და დათუნაშვილის უსუსური სტარტი

რიო 2016-ზე საჭიდაო ხალიჩები გაიშალა. ერთდღიანი შესვენების შემდეგ, "კარიოკა არენას” მეორე დარბაზის ტრიბუნები ისევ შეივსო. ძიუდოს შემდეგ, არენა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმოთ და პირველ დღეს მედლების ორი კომპლექტიც გაათამაშეს: 59 და 75 კილოგრამ წონით კატეგორიებში. უმსუბუქეს წონაში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა, რადგან ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტმა რევაზ ლაშხმა რიოს სალიცენზიო ნორმატივი ვერ შეასრულა.

რაც შეეხება 75 კილოგრამს, საქართველოს დროშის ქვეშ ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა იჭიდავა, მაგრამ შეჯიბრებას პირველივე წრიდან გამოეთიშა, ყაზახ დოჟან კარტიკოვთან წაგებით (0:2). ისღა დაგვრჩენოდა, ყაზახის ფინალში გასვლა გვენატრა, დათუნაშვილს ბრინჯაოს შანსი რომ გასჩენოდა, მაგრამ კარტიკოვი მეორე წრეს ვერ გასცდა.

59 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი კუბელი ისმაელ ბორერო გახდა, გადამწყვეტ ბრძოლაში იაპონელი შინობუ ოტას ძლევით. 75 კილოგრამის ფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრმა რომან ვლასოვმა დანიელ მარკ ოვერგაარდ მადსენს აჯობა.

ჭიდაობის შემდეგ ქართველებმა ძალოსნობის დარბაზს მივაშურეთ. ქალთა შორის +85 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. ქართული ძალოსნობის ისტორიაში პირველად, ამ რანგის შეჯიბრებაში საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმაც მიიღო მონაწილეობა.

ევროპის ვერცხლის პრიზიორმა ანასტასია გოტფრიდმა ბ ჯგუფში ასწია შტანგა და 8 მონაწილეს შორის მე-4 ადგილი დაიკავა. ორჭიდის ჯამში გოტფრიდმა 248 კილოგრამი (ატაცში 113, აკვრაში 135) დააგროვა.

დღეს ოლიმპიურ თამაშებში ოთხი ქართველი ჩაებმება. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მედლების მორიგი ორი კომპლექტი გათამაშდება: 85 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში. საქართველოს სახელით ხალიჩაზე რობერტ კობლიაშვილი (86 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) გავლენ. კობლიაშვილი პირველ წრეში მექსიკელ ალფონსო ანტონიოლეივა იეპესს დაეჭიდება. ქაჯაიას პირველი მეტოქე კი ბრაზილიის ნაკრების წევრი ედუარდ სოგომონიანი იქნება.

მძლეოსანი ლაშა თორღვაიძე ოლიმპიურ სტადიონზე, სამხტომის საკვალიფიკაციო ეტაპში მიიღებს მონაწილეობას. ძალოსნობაში კი მამაკაცებს შორის 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან ჩემპიონ-პრიზიორები და ფიცარნაგზე გიორგი ჩხეიძეც გავა. ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ბ ჯგუფში გააწევრიანეს.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

0.068798