რუსეთის საკალათბურთო ნაკრებს, რომელიც დღეს, თბილისის მერიის თასის გადამწყვეტ მატჩში საქართველოს ეროვნულ გუნდს უნდა შეხვდეს, საკადრო პრობლემები აწუხებს.
პრინციპულ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ნაკრების კაპიტანი სერგეი ბიკოვი და ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავი – აწ უკვე “ლოს ანჟელეს ლეიკერსის” ცენტრი ტიმოფეი მოზგოვი.
ორივე ამ კალათბურთელმა ტრავმა უკრაინასთან მატჩში მიიღო და მათ ჰოლანდიასთან პაექრობა უკვე გამოტოვეს. არსებობდა შანსი, რომ ბიკოვს და მოზგოვს მინი-ტურნირის დასკვნით მატჩი ეთამაშათ, თუმცა, როგორც რუსეთის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ისინი დღევანდელ შეხვედრასაც დაკლდებიან.
მომავალ მატჩში საეჭვოა მოსკოვის ცსკა-ს მცველის მიხაილ კულაგინის ასპარეზობაც. 22 წლის კალათბურთელმა მარჯვენა მხარი ჰოლანდიასთან მატჩში დაიზიანა და მე-2 ტაიმში მოედანზე აღარ გასულა. მისი ამბავი უშუალოდ თამაშის წინ გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ რუსებმა თბილისურ ტურნირზე უკრაინას 82:67 სძლიეს, შემდეგ კი, გუნდის ისტორიაში სარეკორდო 19 სამქულიანი ჩააგდეს და ჰოლანდიასაც აჯობეს – 86:74. ორივე შეხვედრა აქვს მოგებული საქართველოს ნაკრებსაც: ჰოლანდიასთან – 77:66, ხოლო უკრაინასთან – 73:69.
დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში დასკვნითი ტურის მატჩები შედგება. 17:30 საათზე უკრაინას ჰოლანდიას გაეჯიბრება, 20:00 საათზე კი საქართველო და რუსეთი მერიის თასის მფლობელის ვინაობას გაარკვევენ.